მექსიკის, კანადისა და ჩინეთის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების მოლოდინში ინვესტორების შეშფოთებამ პარასკევის გაყიდვების ტალღა რისკისადმი მგრძნობიარე ვალუტაში გამოიწვია, რამაც ბიტკოინი შეამცირა, დოლარი კი გააძლიერა.
ვალუტების კალათასთან მიმართებაში დოლარის ინდექსი 107,4-იან მაჩვენებელზე სტაბილურად შენარჩუნდა და ერთკვირიან მაქსიმუმს მიუახლოვდა. თუმცა დოლარმა შესაძლოა, 1%-ზე მეტად თვიური კლება განიცადოს, რაც აგვისტოს შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია, რადგან აშშ-ის ვალუტა დაღმავალი ზეწოლის წინაშე მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ შეშფოთებების გამო დგას.
კერძოდ, მოსალოდნელზე სუსტმა ეკონომიკურმა მონაცემებმა ტრეიდერებს უბიძგა, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის წლევანდელ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უფრო მეტ შემსუბუქებაზე გაეზარდათ ფსონები, რამაც აშშ-ის ხაზინის შემოსავლის შემცირება და დოლარზე ზეწოლა გამოიწვია.
სესიის მიმდინარეობისას სარისკო აქტივების გაყიდვა გაძლიერდა, ხოლო ყველაზე დიდი დანაკარგი კრიპტოვალუტებმა განიცადეს. მაგალითად, ბიტკოინი 5,95%-ით, 79,281.39 დოლარამდე, ხოლო ეთერიუმი 7.54%-ით, 2,107.02 დოლარამდე დაეცა. ამ ორმა კრიპტოვალუტამ შესაძლოა, 2022 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მკვეთრი თვიური ვარდნა განიცადოს.
უოლ-სტრიტის ძირითადმა საფონდო ინდექსებმა სავაჭრო სესია დაბალ დონეზე იმიტომაც დაასრულეს, რომ Nvidia-ს აქციები მას შემდეგ შემცირდა, რაც კომპანიის კვარტალურმა ანგარიშმა ხელოვნური ინტელექტის სექტორში რალი ვერ გააცოცხლა. ამასთან, ინვესტორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ მონაცემებზე, რომლებიც აშშ-ის ეკონომიკის შენელებაზე მიუთითებს.
Dow Jones ინდექსმა სესია 0.45%-იანი კლებით დახურა, S&P 500 1.59%-ით, ხოლო Nasdaq 2.78%-ით დაეცა.
Nvidia-ს აქციები 8.5%-ით დაეცა, რაც მის საბაზრო კაპიტალს 274 მლრდ დოლარით შეამცირებს.
ტრამპის განცხადების შემდეგ ევროპული აქციების ვარდნა პარასკევსაც გაგრძელდა. პანევროპული ინდექსი, STOXX 600-ი 0,6%-ით დაეცა. ყველაზე დიდი ზარალი ძირითადი რესურსების სექტორმა განიცადა, რომელიც ლითონის ფასების ვარდნის ფონზე 1,75%-ით დაეცა, რადგან აშშ ტარიფების დაწესებას ლითონზეც გეგმავს.
ასევე, ფავორიტ Nvidia-ს აქციების უოლ-სტრიტზე გაყიდვის შემდეგ ევროპის ტექნოლოგიურმა სექტორმა 1,53% დაკარგა. კლების ლიდერები Teleperformance (-10,9%), Valeo (-10,86%) და Clariant (-9,89%) იყვნენ.
გერმანული ინდექსი, DAX-ი 0,7%-ით, ბრიტანული FTSE 100-ი 0,3%-ით, ხოლო საფრანგეთის CAC 40-ი 0,5%-ით დაეცა.
ევრო 0.11%-ით, 1.0386 დოლარამდე შემცირდა და ორკვირიანი მინიმუმის ფარგლებში ივაჭრება. მან შესაძლოა, კვირაში 0.6%-იანი ზარალი განიცადოს, თუმცა თვეში 0,35%-ით გაიზარდოს.
იაპონიის საფონდო ინდექს Nikkei-მ Nvidia-ს აქციების მკვეთრი ვარდნის მეორე დღეს, ანუ პარასკევს ვაჭრობა ხუთთვიანი მინიმუმით დაასრულა. Nikkei-ის ინდექსი 2,88%-ით, ხოლო უფრო ფართო ინდექს Topix-ი 1,98%-ით დაეცა.
რაც შეეეხება ჩინეთს, შანხაისა და ჰონგ-კონგში საფონდო ინდექსები რამდენიმეკვირიანი უწყვეტი ზრდის შემდეგ კვირას კლებით ასრულებენ. მიზეზი ჩინურ იმპორტზე დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული დამატებითი ტარიფია, რომელიც 4 თებერვლიდან მოქმედ 10%-იან გადასახდს დაემატება.
ინვესტორები ყურადღებას ამახვილებენ სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყოველწლიურ კრებაზე, რომელიც მომავალ კვირას არის ჩანიშნული. პარასკევის სესია ინდექს Shanghai Composite-მა 1.98%-ინი კლებით დაასრულა, ხოლო “ლურჯი კოჭების” ინდექსი, CSI300-ი 1.97%-ით დაეცა.
ფინანსური სექტორის ქვეინდექსმა 1,75% დაკარგა, სამომხმარებლო საქონლის სექტორი 0,39%-ით, უძრავი ქონების ინდექსი 0,92%-ით, ხოლო ჯანდაცვის სექტორი 2,19%-ით დაეცა. სტარტაპების ინდექსი, ChiNext Composite 3.82%-ით შემცირდა.
ჰონგ-კონგის ინდექსი, Hang Seng 3.28%-ით, ხოლო China Enterprises 3.63%-ით დაეცა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ