კახა ოქრიაშვილი: მედიკამენტების წარმოება საქართველოში პერსპექტიული ბიზნესია

მედიკამენტების ექსპორტი საქართველოდან იანვარ-მაისში გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 49 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ უცხოეთში წამლების რეალიზაცია ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება - 2013 წელს მისმა მოცულობამ 52 მილიონი დოლარი, ხოლო 2014 წელს კი 92 მილიონი დოლარი შეადგინა. საბოლოოდ კი საექსპორტო პროდუქციათა ათეულში მეხუთე ადგილი დაიკავა.

როგორც ფარმაცევტული კომპანია "ჯი ემ პის" დამფუძნებელმა და პარლამენტარმა კახა ოქრიაშვილმა bpn-ს განუცხადა, მედიკამენტს საქართველოში რეალურად მხოლოდ მისი კომპანია აწარმოებს, რომლის ექსპორტმა შარშან 25 მილიონი დოლარი შეადგინა, დანარჩენს კი სხვა კომპანიები რეექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში ყიდიან, თუმცა, მათი წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მაინც ხელშესახებია. წამლის ინდუსტრიას საქართველოში სერიოზული პერსპეტივები აქვს.  "ჩვენი პროდუქცია 11 ქვეყანაში გაგვაქვს ექსპორტზე, ძირითადი ბაზარი კი უკრაინაა. სამწუხაროდ, ბოლო დროს გრივნის დევალვაციის გამო რეალიზაცია, ნაწილობრივ, შემცირდა, თუმცა, ჩემი კომპანიის მენეჯერები 2018 წლისთვის გეგმავენ ექსპორტის მოცულობა 100 მილიონ დოლარამდე გაზარდონ", - აღნიშნა ოქრიაშვილმა.

ექსპორტის ზრდასთან ერთად, ოფიციალური სტატისტიკით ორჯერ გაიზარდა მედიკამენტების იმპორტი და 262 მილიონ დოლარს მიაღწია. მან ნავთობპროდუქტებს გადაუსწრო და იმპორტირებულ პროდუქციათა ათეულში პირველ ადგილზე გავიდა. თუმცა, კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს მცდარი ციფრია. "შეუძლებელია ამხელა მაჩვენებელი ყოფილიყო, პირიქით, ლარის დევალვაციის გამო წამლების გაყიდვები შემცირდა, ფარმაცევტულ ქსელებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ფასების შენარჩუნებისთვის", - აღნიშნა დეპუტატმა.

ბელა ნოზაძე