"გალფი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

კომპანია "გალფი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

"გალფის" ინფორმაციით, კომპანია "სან პეტროლიუმ ჯორჯია", რომელიც საქართველოში "გალფის" ბრენდის ქვეშ ოპერირებს, აპირებს, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიის 11.2 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ სასამართლოში გაასაჩივროს, რადგანაც კომპანიისთვის სააგენტოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია და ჯარიმის დაკისრება კატეგორიულად მიუღებელია.

"სან პეტროლიუმ ჯორჯია" ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი და დამსაქმებელია საქართველოში, ის ოპერირებს გამჭვირვალე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მისი ფინანსური ანგარიშები აუდიტირებულია მსოფლიოს "დიდ ოთხეულში" შემავალი კომპანია Deloitte-ის მიერ. ცნობისათვის, 2012-2014 წლებში კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 187 მილიონი ლარი შეიტანა, დასაქმებული ჰყავს 1500-მდე თანამშრომელი, ხოლო ქველმოქმედებას მილიონ ლარზე მეტი მოახმარა. აღსანიშნავია, რომ "გალფის" წმინდა მოგებამ 2012-2014 წლებში 6.2 მილიონი ლარი შეადგინა მაშინ, როცა კონკურენციის სააგენტოს მიერ დარიცხული ჯარიმა თითქმის ორჯერ აღემატება ამ ციფრს, რაც ძალზედ მძიმედ იმოქმედებს მის საქმიანობაზე და განვითარების გეგმებზე. ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპებია ღია და პატიოსანი კონკურენცია და მომსახურების მაღალი ხარისხი. კომპანია აპირებს, დაახლოებით, 30 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ინფრასტრუქტურულ პროექტებში და დამატებით ათეულობით თანამშრომლის დასაქმებას. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედებები მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს კომპანიის საინვესტიციო გეგმებზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მის განვითარებას და ხელს შეუშლის დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.  ყოველივე ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტად გამოცხადებულ პოლიტიკას, რომ გაუმჯობესდეს ქვეყნის ბიზნესგარემო, შეიქმნას სამუშაო ადგილები და დამატებითი ინვესტიციები შემოვიდეს საქართველოში, რაც ქვეყნის ეკონომიკას ძალზედ სჭირდება", - ნათქვამია განცხადებაში.