"პანორამა თბილისის" პროექტის მერიასთან შეთანხმება არ მომხდარა"

"პანორამა თბილისის" პროექტის თბილისის მერიასთან შეთანხმება არ მომხდარა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა განუცხადა.

მისი თქმით, მე-5 კატეგორიის პროექტები ეკონომიკის სამინისტროში მტკიცდება, თბილისის მერიას კი, მშენებლობის პროცესში მხოლოდ საზედამხედველო ფუნქცია ექნება.  "მერია ამ პროცესში არ მონაწილეობს, იმიტომ რომ, როგორც თქვენც მოგეხსენებათ, მე-5 კატეგორიის პროექტები ეკონომიკის სამინისტროში მტკიცდება. ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტი შეთანხმებულია ეკონომიკის სამინისტროში. ამ შემთხვევაში, მერიას მხოლოდ საზედამხედველო ფუნქცია ექნება მშენებლობის პერიოდში. რაც შეეხება ნებართვას და თავად პროექტის შეთანხმებას მერიასთან, ასეთი რამე არ მომხდარა, ეს მოხდა ეკონომიკის სამინისტროში", - განაცხადა ნინა ხატისკაცმა. მას არ აქვს ინფორმაცია, მოხდა თუ არა ნებართვის გაცემა მანამდე, ვიდრე საჭირო ოფიციალური დოკუმენტები იქნებოდა წარდგენილი.

ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ პროექტ "პანორამა თბილისთან" დაკავშირებით მშენებლობის სამი ნებართვა გასცა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ობიექტზე - ყოფილი "ცეკავშირის" შენობის ტერიტორიაზე, სადაც მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი შენდება - ნებართვა 2015 წლის 20 აპრილს გაიცა; მეორე ობიექტზე - სოლოლაკის ბაღებზე - 2015 წლის 18 მაისს; ხოლო მესამე ობიექტზე - სოლოლაკის მაღლობზე, სადაც მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს - 2015 წლის 8 ივნისს.

თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, "პანორამა თბილისის" მმართველი გუნდი პროექტის განხორციელებაზე მუშაობს და თავისუფლების მოედანზე გარკვეული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება სოლოლაკის ნაწილს, ბაჩიაშვილის თქმით, იქ გარკვეული სანებართვო სამუშაოები კიდევ არის დარჩენილი. კითხვაზე, აქვთ თუ არა მერიისგან ნებართვა, როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, "მერიისგან ქვედა ნაწილში არის ნებართვა, ზედა ნაწილში ჯერ – არა".