გასულ წელს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთები 20.3 %-ით, ხოლო ტვირთბრუნვა 43.6%-ით გაიზარდა

გასულ წელს, 2023 წელთან შედარებით, საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთის მოცულობა 20.3 %-ით, ხოლო ტვირთბრუნვა 43.6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია საუბარი.

უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 269.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 611.5 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. შედეგად, აღნიშნულ პერიოდში, წინა წელთან შედარებით, გადატანილი ტვირთის მოცულობა 20.3 %-ით, ხოლო ტვირთბრუნვა 43.6%-ით გაიზარდა.

როგორც საქსტატი წერს, 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7.440 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 23.9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. აეროპორტებმა მიიღო 3.711 მლნ მგზავრი (24.2%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3.728 მლნ მგზავრი (23.5%-ით მეტი).

ამასთან, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ კი 30.3 ათასი შეადგინა, რაც 18.9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 26.2 ათასი ტონა იყო, საიდანაც 86.7 % მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 13.3% - გაგზავნილი.

მონაცემების თანახმად, 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში 2.2 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 2.1-ჯერ აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. 2024 წელს საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული იყო 70 ერთეული საჰაერო ხომალდი (16.7%-ით მეტი წინა წელთან შედარებით), რომელთა 78.6%-ს სამგზავრო საჰაერო ხომალდები შეადგენდა, ხოლო 21.4%-ს - სატვირთო.

ამასთან, სამგზავრო საჰაერო ხომალდების 76.4%-ს 50-ზე ნაკლები ადგილი ჰქონდა, 10.9 %- ს - 51-150 ადგილი, ხოლო 12.7 % იყო 151-250 ან მეტი ადგილით.

ცნობისთვის, 2024 წლისთვის საქართველოს აეროპორტებს ჰქონდა 6 ასაფრენი ბილიკი, 58 გამშვები პუნქტი, 25 სამგზავრო გასასვლელი და 1.9 ათასი საპარკინგე ადგილი კერძო ავტომობილებისათვის.

ნინი ქეთელაური