საქართველოსა და უზბეკეთს შორის შესაძლოა, ავიარეისები გაიზარდოს

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ეკონომიკური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამასთან, ქვეყნებს შორის შესაძლოა, ავიარეისები გაიზარდოს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხებზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა, ჟამშიდ ხოჯაევმა გაფართოებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. აღნიშნული კი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

როგორც სამინისტრო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მიმდინარე და სამომავლო პარტნიორობის მიმართულებებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, სავაჭრო ეკონომიკური სამუშაო ჯგუფის შექმნა და პირდაპირი ავიარეისების გაზრდის შესაძლებლობები.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობის განვითარების ტემპის გაზრდას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აქტიურად გავაგრძელებთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შევძლებთ გავხსნათ ახალი შესაძლებლობები პარტნიორობის უფრო ეფექტური განვითარებისთვის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში მზარდი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40%,-ით გაიზარდა, გასულ წელს 23 პროცენტით არის გაზრდილი საქართველოში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების ოდენობა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება სატვირთო გადაზიდვებში, მათ შორის საავტომობილო ტრანსპორტით ორ ქვეყანას შორის გადაზიდულია 442,7 ათასი ტონა ტვირთი (ზრდა 6,1%), ხოლო სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების ოდენობა 24.7 %-ით არის გაზრდილი.

ვიცე-პრემიერების შეხვედრას ქართული მხრიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინი ქეთელაური