როგორი პარტნიორობა სურთ აფხაზ ახალგაზრდებს ევროკავშირთან, NATO-სთან და დასავლეთის წამყვან ქვეყნებთან - რუსული ცენტრის გამოკითხვა

აფხაზი ახალგაზრდებისთვის საქართველო და უკრაინა პარტნიორობისთვის ყველაზე არასასურველი ქვეყნები არიან, ხოლო აფხაზეთთან თანამშრომლობისთვის ყველაზე მიმზიდველ პარტნიორებად რუსეთს, ბელარუსს, ჩინეთს, თურქეთსა და სომხეთს მიიჩნევენ.

ამის შესახებ ჰუმანიტარული ტექნოლოგიების განვითარების რუსული ცენტრის, “ახალი ერას" კველვაში წერია, რაც რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს სახელმწიფო დავალების ფარგლებში ჩატარდა.

ცენტრის მკვლევარებმა 1-ლი ოქტომბრიდან 1-ლი დეკემბრის ჩათვლით 1000 რესპონდენტი გამოჰკითხეს, რომელიც 18-35 წლის ასაკის აფხაზ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს მოიცავდა.

კვლევის მიზანი ძირითადი საერთაშორისო ასოციაციების, ორგანიზაციებისა და პლატფორმების მიმართ აფხაზი ახალგაზრდების დამოკიდებულების დადგენა იყო.

რუსული ცენტრის მონაცემებით, აფხაზი მოზარდები ევროკავშირთან ურთიერთკონტაქტებს ერთმნიშვნელოვნად არ აღიქვამენ და გამოკითხულთა 38% გაერთიანებასთან შემდგომი პარტნიორობის პერსპექტივას ვერ ხედავს.

NATO-ს მიმართ ნეგატიურ რესპონდენტთა ყველაზე დიდი პროცენტი დაფიქსირდა, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან აფხაზეთის თანამშრომლობით არ არიან დაინტერესებული.

რესპონდენტებმა, ასევე, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებისა და მათთან ურთიერთობის მიმართ. კერძოდ, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა, როგორც პოტენციური თანამშრომლობის ქვეყნებმა, თანაბარი მხარდაჭერა მიიღეს და აფხაზი ახალგაზრდების 56%-მა დადებითად უპასუხა, ხოლო აშშ-მა 40%-იანი მოწონება დაიმსახურა.

საერთაშორისო გაერთიანებებიდან აფხაზი ახალგაზრდები ყველაზე დიდ ინტერესს BRICS-ისა და დსთ-ის მიმართ გამოხატავენ, რომლებსაც რესპონდენტთა 87% მიემხრო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ