პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.  მთავრობის მიერ 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შემცირდა.

პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 25 მლნ ლარით იზრდება და 9 900.0 მლნ ლარით განისაზღვრება. არ იცვლება ხარჯვითი ნაწილი – ის 9-მილიარდ 575 მილიონი ლარი იყო და ამავე პარამეტრებში რჩება. საგადასახადო შემოსავლების გეგმა 200 მლნ ლარით მცირდება, რაც განპირობებულია მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-იანი ზრდის პროგნოზით. საშინაო ვალდებულებების ზრდა მცირდება 100 მლნ ლარით, დონორების მიერ კონკრეტული პროექტების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 70.9 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია პროექტის ფარგლებში თანხების აუთვისებლობით.

გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები იზრდება 40,900 მლნ ლარით, ხოლო საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტები 185.0 მლნ ლარით იზრდება. ამასთან, მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებები მცირდება 159 მლნ ლარით. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელები იზრდება 150.0 მლნ ლარით, აქედან 53.0 მლნ ლარით იზრდება საგარეო ვალის მომსახურება და დაფარვა, 20.0 მლნ ლარით იზრდება მთავრობის სარეზერვო ფონდი, 85.0 მლნ ლარით იზრდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტები.

"თუ არ გავითვალისწინებდით არსებულ გარემოებებს და გვექნებოდა იგივე ბიუჯეტი, რაც თავდაპირველად დაიგეგმა, საბიუჯეტო დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 3.7% იქნებოდა, რაც მიუღებელი იყო. ამიტომ ხდება კორექტირება და ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია 3%-ის ფარგლებში. სავარაუდოდ, წლიური ეკონომიკური ზრდა იქნება არა 2%, არამედ შეიძლება 3%-მდე იყოს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საბიუჯეტო დეფიციტი წლის ბოლომდე კიდევ უფრო ნაკლები იქნება", - განაცხადა კაკაურიძემ პარლამენტის სხდომაზე, საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის წარდგენისას.