ტრამპის ტარიფები ამერიკულ მანქანებს 25%-ით გააძვირებს

კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ახალი 25%-იანი ტარიფები აშშ-ში ავტომობილების ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.

ამის შესახებ ავტომობილების მსხვილ მწარმოებელთა ასოციაცია Alliance for Automotive Innovation-ის გამაფრთხილებელ განცხადებაში წერია, რასაც სააგენტო, Reuters ავრცელებს.

Alliance for Automotive Innovation, კომაპანია Tesla-სა, ყველა მსხვილ ავტომწარმოებელს წარმოადგენს, როგორებიც არიან General Motors, Ford, Toyota, Volkswagen, Hyundai და Stellantis.

ასოციაციის შეფასებით, „ამ ტარიფების გავლენას ყველა ავტომწარმოებელი იგრძნობს.” კერძოდ, “ზოგიერთ მოდელზე ფასები 25%-მდე გაიზრდება, ხოლო ავტომობილების ღირებულებასა და ხელმისაწვდომობაზე უარყოფითი ზეგავლენა, თითქმის, მაშინვე საგრძნობი იქნება.”

ავტომწარმოებლები აცხადებენ, რომ ახალმა ტარიფებმა შესაძლოა, ჩრდილოეთ ამერიკის ინტეგრირებული საწარმოო ჯაჭვი მოარღვიოს, რომელიც 25 წელზე მეტია, არსებობს… ანუ ზოგიერთმა ავტონაწილმა, საბოლოო აწყობამდე, საზღვარი შესაძლოა, ექვსჯერ ან მეტჯერ გადაკვეთოს.

“წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის სწრაფი გადატანა შეუძლებელია და სწორედ ეს არის პრობლემა: საავტომობილო ტარიფებმა მომხმარებლებისთვის ხარჯი შესაძლოა, მანამ გაზარდოს, ვიდრე ქვეყანაში სამუშაო ადგილები აღდგება,” - აცხადებენ ასოციაციაში.

4 მარტს კომპანია Stellantis-მა დილერებს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ტარიფების შესახებ მოლაპარაკებას განაგრძობს, რადგან ისინი მომხმარებელს დამატებით ფინანსურ ტვირთს შეუქმნის.

„ჩრდილოეთ ამერიკაში უაღრესად ინტეგრირებული ინდუსტრიის გამო ეს ტარიფები Chrysler-ის, Dodge-ის, Jeep-ისა და Ram-ის ბრენდებს, კორეულ, იაპონურ და ევროპულ მწარმოებლებთან შედარებით, კონკურენტულად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს,” - წერია Stellantis-ის წერილში, რომელიც Reuters-მა მოიპოვა.

გასულ კვირას ბევრი ავტომწარმოებელი ვაჭრობის მდივან ჰოვარდ ლატნიკს შეხვდა და მოუწოდა, ადმინისტრაციას ტარიფები მასიურად არ გაეზარდა. ასევე, თებერვალში Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ მექსიკიდან და კანადიდან იმპორტზე 25%-იანი ტარიფები აშშ-ის ავტოინდუსტრიას დიდ დარტყმას მიაყენებს.

”ჩვენ უზარმაზარი ხარჯისა და ქაოსის თვითმხილველები გავხდებით,” - აცხადებს ჯიმ ფარლი.

მეორეს მხრივ, აშშ-ის საავტომობილო მუშაკთა პროფკავშირმა მხარი დაუჭირა ტრამპის ქმედებებს და განაცხადა, რომ ტარიფებზე შემდგომ გადაწყვეტილებებს აპრილში მოელის.

ცნობისთვის: 4 მარტიდან აშშ-ში კანადისა და მექსიკის იმპორტის დიდ ნაწილზე 25%-იანი ტარიფები ამოქმედდა, ხოლო ჩინეთის მიმართ არსებული 10%-იანი ტარიფი 20%-მდე გაორმაგდა. ეს, დაახლოებით, 1,5 ტრლნ დოლარის წლიურ იმპორტზე მოახდენს გავლენას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ