„ჯეოლაბიში“ შვიდი მობილური აპლიკაცია შეიმუშავეს

კომპიუტერული ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბიში“ შვიდი მობილური აპლიკაცია შეიმუშავეს. აღნიშნული ლაბორატორია ეკონომიკის სამინისტრომ გრანტით დააფინანსა, სადაც 30 ახალგაზრდა სამი თვის განმავლობაში პროგრამირების კურსს უფასოდ გადის. როგორც ლაბორატორიის დირექტორმა, სანდრო ასათიანმა განაცხადა, პროექტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგზაურების მოყვარულთათვის განკუთვნილი აპლიკაციაა. ის სოციალური ქსელის პრინციპით იმუშავებს და მსურველები საკუთარი დაგეგმილი მარშრუტის შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, დამგზავრების მსურველებს კი საშუალება მიეცემათ, გამოეხმაურონ. „იქ იქნება მითითებული დრო, ასევე რამდენ ადამიანს შეუძლია, შეიკრიბოს და გაემგზავროს. ვფიქრობ, ფულის დაზოგვის შესანიშნავი საშუალებაა“, - აღნიშნა ასათიანმა bpn-თან საუბრისას.

გარდა ამისა, შექმნილია მობილური აპლიკაცია უცხოელი ტურისტებისთვის ქართული სამზარეულოს შესახებ, სადაც ჩატვირთულია შესაბამისი ლექსიკონი ქართულ და ინგლისურ ენაზე. ტურისტებს შესაძლებლობა მიეცემათ შეუკვეთონ კერძები და მოიძიონ რეცეპტებიც, იმ შემთხვევაში, თუ მოეწონებათ და სამშობლოში მის მომზადებას შეეცდებიან.

ლაბორატორიის კურსდამთავრებულები მუშაობენ პროგრამირების შემსწავლელი ქართულენოვანი კურსის აპლიკაციის შექმნაზეც, რომლის ვერსია დღეს არ არსებობს, ასევე თბილისში შესრულებული გრაფიტების რუკაზე. „ეს აპლიკაციები მომხმარებლისთვის უფასო იქნება, ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის კი კარგი სავიზიტო ბარათია, მომავალ დამსაქმებელს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინონ“, - აღნიშნა სანდრო ასათიანმა.

აღსანიშნავია, რომ „ჯეოლაბმა“ სახელმწიფო დაფინანსებით სტუდენტების პირველი ნაკადი მაისში მიიღო, სწავლის კურსი კი ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. ახალ ჯგუფს ლაბორატორიაში სექტემბრიდან შეარჩევენ.

ბელა ნოზაძე