საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე შპს „დომუს დეველოპმენტის“ მიერ შპს „დომუს სისაიდის“ 50%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
სააგენტოს ცნობითვე, ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზრის მოცულობა შეადგენდა 3 127 143 000 ლარს.
„შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 300-მდე ეკონომიკურ აგენტთა ჯგუფი. ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე უტოლდებოდა 588.7 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის შედეგად კი HHI იზრდება მხოლოდ 2.23 პუნქტით 590.9 ერთეულამდე.
ამდენად, ანალიზმა ცხადყო, რომ ბაზარი დაბალკონცენტრირებულია, ხოლო კონცენტრაციით გამოწვეული ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსის ზრდის მაჩვენებელი - უმნიშვნელო.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს,“- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.
რეესტრის მონაცემების თანახმად, შპს „დომუს დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელია შპს „დომუს ჯგუფი“, რომლის 40%-იან წილს ალექსანდრე კორძახია, ხოლო 20%-იან წილებს გიორგი გიორგაძე, ალექსანდრე შაიშმელაშვილი და ბაადურ ურუშაძე ფლობენ.
რაც შეეხება შპს „დომუს სისაიდის“ როგორც უკვე ცნობილია, ნახევარს „დომუს დეველოპმენტი“, ხოლო 50%-ს შპს „სფრინგ კონსტრაქშენი“ ფლობს, რომლსი 100%-იანი წილიც ფრიდონ მჭედლიძეს ეკუთვნის.