გერმანიის პარლამენტმა ათენთან მიღწეულ შეთანხმებას მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროზონის ლიდერებსა და ათენს შორის მიღწეულ შეთანხმებას. ამის შესახებ "ფრანს-პრესი" იტყობინება.

კენჭისყრა ბუნდესტაგში ცოტა ხნის წინ დასრულდა, რატიფიცირების პროცესს წინ გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და სხვა გერმანელი პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა უძღოდა.

ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთის მთავრობასთან 86 მილიარდი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის სანაცვლოდ რეფორმების განხორციელების შესახებ შეთანხმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. საერთაშორისო კრედიტორები ათენს 86 მილიარდ ევროს ხუთი წლის ვადით გამოუყოფენ, სანაცვლოდ კი გადასახადების გაზრდას და საპენსიო ასაკის მატებას ითხოვენ. შეთანხმების რატიფიცირება თავად საბერძნეთის პარლამენტმა უკვე მოახდინა.