„ძალიან მკაფიოდ ითქვა ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისგან, რომ რა ეკონომიკურ პოზასაც დაიკავებს საქართველო უახლოეს 6-8 თვეში, ის იქნება თქვენი ეკონომიკის განმსაზღვრელი მომდენო 50 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ეძლევა შანსი, რომ ინდოეთის ტვირთების გამტარი გახდეს. ამისთვის კი, აუცილებელია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი აშშ-ის მართვაში იყოს.
„ამერიკელები ამას ამბობენ ცალსახად, რომ ჩვენ პარტნიორობა ვიცით ორმხრივი. თუ 30 წლის განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, გადაგიმზადეთ კადრები, დაგეხმარეთ სახელმწიფო ინსტიტუტების აშენებაში, ჩამოყალიბებაში, დაცვასა და თავდაცვაში, მნიშვნელოვანია, დღეს პარტნიორობა გახდეს ორმხრივი. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს ამერიკამ და ამით ბენეფიტი მიიღოს საქართველომ.
თანამედროვე მსოფლიოში არ არსებობს იმაზე უფრო მსხვილი გადაზიდვა, ვიდრე ოკეანეთშორისი. აშშ-სა და ბრიტანეთის თაოსნობით, თავისუფალი ვაჭრობა ფორმდება დღეს ყველაზე მზარდ ეკონომიკურ ქვეყანასთან ინდოეთთან. თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების შემთხვევაში ინდოეთთან (რომელიც გაფორმდება ევროკავშირთან და ბრიტანეთთან), დასჭირდება ყველაზე სწრაფი ტრანზიტი. საბედნიეროდ, საქართველო და ანაკლიის პორტი არის ის ყველაზე სწრაფი ტრაფიკი, რამაც შეიძლება გაატაროს მსოფლიოში ნომერ პირველი მზარდი ქვეყნის ტრაფიკი ევროკავშირსა და ბრიტანეთზე.
ეს სწორედ ის მომენტია, რასაც დიდი ხანია ველოდებით ჩვენს ეკონომიკურ რუკაზე. აქ უკვე უნდა იყოს დასრულებული პორტი. რასაკვირველია ამ სავაჭრო ბერკეტს აშშ ჩინეთს არ მისცემს. იმ კუთხით, რომ მათ შორის ჩინეთში მდებარე პორტებსაც შეერთებული შტატები განაგებს. ამიტომ, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ერთ-ერთი მთავარი დონორი, დღეს არის აშშ.
საქართველოს საკითხი ჯერ განხილვაში არ არის. ეს დღის წესრიგში მას შემდეგ დადგება, რაც დასრულდება უკრაინის და სირიის დაკომპლექტება. მკაფიოდ ითქვა ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების მხრიდან, რომ როდესაც კონფლიქტი დასრულდება უკრაინაში, მოხდება სირიის ჩამოყალიბება, როგორც ახალი როლის მატარებელი ქვეყანა დედამიწის ქვედა ნახევარსფეროში, მაშინ დადგება საქართველოს დღის წესრიგი. სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკების პროცესში ქართველები ვიყოთ ჩართული, რომელ ეკონომიკურ რეალობაში იცხოვრებს საქართველო მომდევნო 50 წელიწადში. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი რეგიონისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ძალიან მკაფიოდ ითქვა ამერიკული პოლიტიკური ისტაბლიშმენტისგან, რომ რა ეკონომიკურ პოზასაც დაიკავებს საქართველო უახლოეს 6-8 თვეში, ის იქნება თქვენი ეკონომიკის განმსაზღვრელი მომდევნო 50 წლის განმავალობაში.
შესაბამისად, თუ საქართველომ დაიკავა ინდოეთის ტრაფიკის გამტარის როლი, ეს საქართველოს ეკონომიკას მოუტანს უდიდეს ბენეფიტს და ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. მაგრამ ეს ბენეფიტი არ გატარდება, თუ პორტს არ განაგებს აშშ. თუ უკრაინის შემთხვევაში მაგიდაზე დაიდო მინერალები, ჩვენთან ეს არის პორტი და ტრანზიტი“,- განაცხადა ოთო აბესაძემ.