ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ამოქმედებით აფხაზეთმა სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებაზე გააკეთა განაცხადი. ამის შესახებ კვლევას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი აქვეყნებს.
ოჩამჩირის ნავსადგურთან საკონტეინერო ტერმინალი ამოქმედებასთან დაკავშირებით, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აფხაზური მხარე ახლადგახსნილ ინფრასტრუქტურულ ობიექტს არა ლოკალური დანიშნულების, არამედ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ტვირთების გამანაწილებელი ტერმინალის ფუნქციას ანიჭებს.
კერძოდ, საკონტეინერო ტერმინალის დანიშნულებაა რუსეთიდან რკინიგზით შემოსული კონტეინერების დასაწყობება, გემებში გადატვირთვა და მესამე ქვეყნებში გაგზავნა, ასევე უკუმიმართულებით მესამე ქვეყნებიდან საკონტეინერო ტვირთების მიღება.
როგორც „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს, რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში, აფხაზეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს შექმნას საიმედოდ აწყობილი, საზღვაო ნავსადგურით დაბოლოებული ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება, სადაც ოჩამჩირის ნავსადგურს და ტერმინალს, აფხაზეთის რკინიგზასთან ერთად, ექნება მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციები.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ამოქმედება რუსეთის გეგმასთან თანხვედრაშია და უფრო მეტიც, დერეფნის ფორმირებისათვის აუცილებელი ატრიბუტია.
„რუსეთისათვის სანქცირებული ტვირთების მესამე ქვეყნებში გასატანად და უკუმიმართულებით მისაღებად სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება.
ყველაფერს კი წინ უსწრებდა 2023 წლის მარტში რუსეთის ცენტრალური რეგიონიდან წამოსული პირველი სატესტო საკონტეინერო მატარებლის ოჩამჩირის ნავსადგურში მიღება და გადატვირთვის სიძნელეების მიუხედავად კონტეინერების გემში ჩატვირთვა. ამ ნაბიჯით რუსეთმა გააკეთა პირველი განაცხადი აფხაზეთისკენ სატრანზიტო დერეფნის გაჭრასთან დაკავშირებით.
სადღეისოდ ნათელია, რომ ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ამოქმედებით აფხაზეთმა სატრანზიტო ფუნქციის განხორციელებაზე გააკეთა განაცხადი“,- ნათქვამია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ კვლევაში.
რაც შეეხება ოჩამჩირის საკონტეინერო ტერმინალის ტექნიკურ პარამეტრებს, ის შეღავათიანი კრედიტის პროგრამის ფარგლებში, ოჩამჩირის ნავსადგურის სიახლოვეს აშენდა. პროექტის ღირებულებამ 800 მლნ რუბლი 7.7 მლნ დოლარი შეადგინა.
ამასთან, საკონტეინერო ტერმინალის პერიმეტრზე დაგებულია სპეციალური ფილები და დაკავშირებულია სარკინიგზო ქსელთან 550 მეტრიანი სიგრძის ორი ლიანდაგით.
საკონტეინერო ტერმინალი 12,5 ჰექტარზეა განთავსებული, პარალელურად მოწყობილი სარკინიგზო ლიანდაგის საშუალებით შესაძლებელია 62 კონტეინერისაგან შემდგარი სარკინიგზო შემადგენლობის 8 საათში ერთდროული დამუშავება. ტერმინალი 1200 კონტეინერის შენახვისთვისაა გათვლილი.
„დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ოჩამჩირის ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება, რუსეთიდან საცდელი საკონტეინერო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს ერთი სქემის შემადგენელ ნაწილებს, ეს ყოველივე კი, მკაფიოდ მიუთითებს რუსეთის განზრახვაზე აფხაზეთის გავლით ჩამოაყალიბოს სტაბილური სატრანზიტო დერეფანი“,- აღნიშნავენ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“.