აფხაზეთსა და რუსეთს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება თავდაპირველი სახით ნამდვილად არ იქნება მიღებული - ამის შესახებ დე ფაქტო ახალმა პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ TASS-თან ინტერვიუს დორს განაცხადა.
„თუ საზოგადოება ამბობს, რომ ასეთი შეთანხმება არ გვჭირდება, მე, როგორც პასუხისმგებელმა ადამიანმა ხალხის აზრი უნდა გავიზიარო. ჩემს რუს კოლეგებთან გამოვედი ინიციატივით, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ამ ფორმით არ იქნეს მიღებული. ჩვენი რუსი კოლეგები ამ საკითხს გაგებით მოეკიდნენ და საინვესტიციო შეთანხმება ამ ფორმით ნამდვილად არ დამტკიცდება,“- აცხადებს გუნბა.
მისი თქმით, „კომპეტენტურ ორგანოებს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის ლიდერებს“ ადრეც მიმართა, რომ „კონფლიქტური სიტუაცია მოეგვარებინათ, რომელიც საინვესტიციო ხელშეკრულების ირგვლივ წარმოიშვა.“
„ამან დიდი ემოცია და აღშფოთება გამოიწვია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში. საკითხი, ნაწილობრივ, პოლიტიზებული იყო, ნაწილობრივ კი იმიტომ გამწვავდა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ჩვენი საზოგადოებისთვის ამ შეთანხმების დადებითი ასპექტების მიწოდება ვერ შეძლო,“ - ამბობს გუნბა.
პუტინის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საინვესტიციო შეთანხმების საკითხი პუტინთან გუნბას შეხვედრაზეც იქნა განხილული. პესკოვის თქმით, ახალ ხელშეკრულებაში ყველა მხარის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.
"ამ თემას შეხვედრაზე შეეხნენ. მართლაც, კონსტრუქციული კონტაქტები შედგება და ყველას ინტერესი იქნება გათვალისწინებული. არავინ დარჩება განაწყენებული. ერთობლივად კონსტრუქციულად ვიმუშავებთ. ასეთი სამუშაო ურთიერთპატივისცემასა და ორმხრივ სარგებელს უნდა ეფუძნებოდეს,“ - აცხადებს პესკოვი.
მოსკოვი ამ ხელშეკრულების დამტკიცებას დაჟინებით მოითხოვდა. შეთანხმების ხელმოწერამდე კრემლმა 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან აფხაზეთის “ბიუჯეტის” დაფინანსებაც კი შეაჩერა. შედეგად, საინვესტიციო შეთანხმებას 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი.
შეთანხმების მიხედვით, რუსი ოლიგარქები აფხაზეთში ინვესტიციების სანაცვლოდ 25 წლამდე გადასახადისგან თავისუფლდებიან. შეღავათები 2 მლრდ რუბლზე (22.5 მლნ დოლარზე) მეტ ინვესტიციებს ეხება. ამდენად, ხელშეკრულება უცხოურ მსხვილ კაპიტალს შესაძლებლობას აძლევს, უთანასწორო კონკურენციის პირობებში, თითქმის, ნებისმიერ ინდუსტრიაში რეალურად მონოპოლისტი გახდეს. ამასთან, შეთანხმების ნაწილი მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ითვალისწინებს, რასაც აფხაზეთში რუსების მასიური ჩასახლება მოჰყვება. აფხაზური ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიას,” ანუ მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს.
ხელშეკრულების პროექტის რატიფიცირება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს უნდა მოეხდინა, თუმცა ნოემბრის შუა რიცხვებში ამ მცდელობას ოპოზიციის მიერ სამთავრობო შენობების დაკავება მოჰყვა. პროტესტის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პარლამენტმა 4 დეკემბერს „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჩააგდო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ