10 მარტს „ბაკურიანი 2025-ის“ თემაზე შექმნილი ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება - ფასი 110 ლარია

ეროვნული ბანკი ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტის რეალიზაციას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონეტების გაყიდვა 10 მარტს, 10:00 საათიდან ელექტრონული პლატფორმის - tkt.ge საშუალებით დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„პარალელურად, მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში.

13 მარტიდან, მონეტის სარეალიზაციო მარაგის არსებობის შემთხვევაში, მისი რეალიზაცია გაგრძელდება ასევე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიიდანაც - MoneyMuseum.nbg.gov.ge

„ბაკურიანი 2025“ თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში 5 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 110 ლარია.

იმისათვის, რომ მონეტის შეძენა მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს, რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს მხოლოდ ერთი ცალი მონეტა,“ - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.