დავით ონოფრიშვილი: გასული წლის მეორე ნახევარში ჩანდა, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ნეგატიური მიმართულებით იცვლებოდა

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მეორე ნახევარში ჩანდა, პრობლემები გარდაუვალი იყო, მთავრობამ 2015 წლის ბიუჯეტის და ეკონომიკური ზრდის სწორად დაგეგმვა ვერ შესძლო, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით ონოფრიშვილმა სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.

ონოფრიშვილის განცხადებით, მთავარი, რამაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირება მოიტანა, გასული წლის მეორე ნახევარში დაიწყო, როდესაც აშკარად გამოჩნდა, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ნეგატიური მიმართულებით იცვლებოდა.  "ეს გამოიხატა შარშან ზაფხულში, როცა ექსპორტმა კლება დაიწყო, იმის მიუხედავად, რომ წინა ორ წელს იყო მცირედი, მაგრამ მაინც მატება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2015 წლის იანვარი-მაისის მაჩვენებლით ექსპორტი დაახლოებით 25%-ით არის შემცირებული, ვიდრე იყო შარშან ამავე პერიოდში. ინვესტიციები, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლით 175 მილიონი დოლარია, რაც არის 35%-ით ნაკლები 2014 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლთან შედარებით, როცა 265 მილიონი დოლარი იყო", - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.

დეპუტატმა საერთაშორისო გადმორიცხვების შემცირებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის სულ მცირე 20%-ით არის შემცირებული. მისივე მონაცემებით, ტურიზმი იმ დონეს მიახლოებით აღწევს, რაც იყო შარშან.  "მიუხედავად იმისა, რომ ჩანდა, პრობლემები გარდაუვალი იყო, მთავრობამ ვერ შესძლო დაეგეგმა ბიუჯეტი, ეკონომიკური ზრდა. კიდევ უარესია ის, რომ ვიდრე გაცვლითმა კურსმა კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწია, მხოლოდ მაშინ დაიწყო გარკვეული ქმედებების განხორციელება. მანამდე მთავრობა მოსახლეობას და ყველა კრიტიკოსს ამშვიდებდა", – აღნიშნა ონოფრიშვილმა.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.