„თბილისში ბევრი ისეთი კვანძია, სადაც ადგილზე მომუშავე პოლიციელმაც, მძღოლებმაც და ნებისმიერმა, ვისაც იქ კონკრეტულ მანძილზე გავლა უწევს, იცის რა გამუხტავს მოძრაობას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ საცობების თემაზე საუბრისას „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საცობების პრობლემის გადაჭრის მთავარი შემაფერხებელი მიზეზია ის, რომ ზუსტად არ ვიცით, რა გეგმა აქვს ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს.
„მერიას აქვს პროგრამა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობების სიმულირებას ახდენს, პროგრამულად შესაძლებელია, მითითება მისცე კომპიუტერს და ის ამას აჩვენებს - მთავარია ვიღაც მუშაობდეს ამ პროგრამაში კარგად, რომ მიუთითოს, ამას და ამას რომ გავაკეთებთ, რა შედეგი მოჰყვება. მაგალითად აქ [გმირთა მოედანზე] თუ გავაფართოებთ გზას, იქ [იუსტიციის სახლის მიმართულებით] ხომ არ გაჭედავს მოძრაობას. უბრალოდ, რასაც ახლა ვხედავთ, ჩანს რომ, ეფექტურად არ გამოიყენება ეს პროგრამა. ბევრი ისეთი კვანძია, სადაც ადგილზე მომუშავე პოლიციელმაც, მძღოლებმაც და ნებისმიერმა ვისაც იქ კონკრეტულ მანძილზე გავლა უწევს, იცის რა გამუხტავს მოძრაობას.
ვეფხი და მოყმის ძეგლთან როგორც შეიცვალა ინფრასტრუქტურა, გარკვეული განმუხტვა მოხდა მოძრაობის, თუმცა, უკეთესი განმუხტვის საშუალებაც იყო, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი დრო გავიდა და იქ არაფერი გაკეთებულა მოძრაობის განტვირთვისთვის.
პრობლემა არის იმაშიც, რომ ერთი მხრივ მუნიციპალიტეტი გვეუბნება, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე გადავიდეთ და არ იქნება საცობი. მეორეს მხრივ კი თუ სადმე რამე გააკეთეს ამბობენ რომ საცობები რაღაც პროცენტით განვმუხტეთo. მარტივად რომ ვთქვათ - ერთი ხელი მეორეს არ ემეგობრება. თუ სტრატეგია ორიენტირებულია იმაზე, რომ განვმუხტოთ საცობები ისე, რომ ხალხს შევუზღუდოთ გადაადგილება, მაშინ თავიდან ბოლომდე მაგისკენ უნდა იყოს მიმართული გეგმა - მაგრამ ზუსტად არ ვიცით საით მივდივართ და პრობლემაც ეს არის“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.