ჩინეთთან სახმელეთო გადაზიდვები 15-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ჩინეთიდან იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ჩინეთში 4 ახალი ტერმინალის ინფრასტრუქტურის მოწყობა გახდა, რომლის საშუალებითაც, ქართველ მეწარმეებს პროდუქციის ჩამოტანა გაუმარტივდათ.
“ჩინეთმა ძალიან აქტიურად დაიწყო აღმოსავლეთის რეგიონებში თავისი ეკონომიკის განვითარება. რომ წარმოვიდგინოთ, რა არასიმეტრიულად არის, აღმოსავლეთის რეგიონები უფრო ძლიერად არის განვითარებული, ვიდრე დასავლეთი (ცენტრალური ნაწილი). ამიტომ ახლა ჩინეთის სტრატეგიული ამოცანაა, რომ დასავლეთის მიმართულება განევითარებინა. აქედან გამომდინარე, მან 4 ტერმინალის ინფრასტრუქტურა განავითარა, სადაც დღეს ხდება საქართველოში გამოსაგზავნი ბლოკმატარებლების ფორმირება. შესაბამისად, ამ 4 წერტილის საშუალებით, ნებისმიერი ქართველი მეწარმისთვის მარტივია დაკვეთის განხორციელება, პროდუქციის ჩამოტანა. მანამდე, ეს სირთულეს წარმოადგენდა. შედეგად, ეს რიცხვებშიც მიზეზ-შედეგობრივად აისახა.
თუმცა, ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რიგ შემთხვევებში სახმელეთო გადაზიდვები კი გაიზარდა, მაგრამ საზღვაო გადაზიდვები, ჩინეთიდან საქართველოს პორტებში, ფოთში, ბათუმში, არ გაზრდილა. გამოდის, ის რაც დაემატა, სახმელეთო გადაზიდვებს, დააკლდა საქართველოს ნავსადგურებს. მიუხედავად ამისა, მაინც, 15-ჯერ არის გაზრდილის სახმელეთო გადაზიდვები“,- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი რეკორდულად ნიშნულზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ჩინეთიდან 1.612 მლრდ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, რაც 2009 წლიდან (საგარეო ვაჭრობის პორტალზე სტატისტიკა ამ პერიოდიდან ქვეყნდება) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2023 წელს ჩინურმა იმპორტმა 1.329 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, 2022 წელს - 1.126 მლრდ აშშ დოლარი, 2021 წელს - 865.039 მლნ აშშ დოლარი, 2020 წელს 708.952 მლნ აშშ დოლარი და ა.შ.
ამასთან, წელს იანვარში, გასული წლების (2009 წლიდან) იგივე თვეებთან შედარებით, ასევე მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. საქსტატის მიხედვით, წელს იანვარში 115.654 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2024 წლის იგივე თვეში 76.721 მლნ აშშ დოლარის, 2023 წლის იანვარში - 65.585 მლნ აშშ დოლარის, 2022 წლის იანვარში - 62.892 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის იანვარში - 99. 604 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის იგივე თვეში - 65.037 მლნ აშშ დოლარის.