"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" დადებითად აფასებს საქართველოში კონკურენციის სააგენტოს შექმნას და მის საქმიანობას. ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" დაწყებული 2014 წლის ნოემბრიდან აქტიურად თანამშრომლობს კონკურენციის სააგენტოსთან, პასუხი გასცა ყველა დასმულ შეკითხვას და მიეწოდათ ყველა დოკუმენტი მოთხოვნილებისამებრ. წარედგინათ დოკუმენტალურად დასაბუთებული მყარი არგუმენტები. სამწუხაროა, რომ არ მოხდა მათი გათვალისწინება და კომპანიას წარედგინა სერიოზული ჯარიმა. ვაცხადებთ, რომ კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს" არ დაურღვევია "კონკურენციის შესახებ" კანონის არც ერთი მოთხოვნა. ბრალდება, რომ "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" მოქმედებდა და მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შესაბამისად. კომპანია არასდროს არ იყო ორიენტირებული რაიმე განსაკუთრებულ ზემოგებაზე, რასაც ადასტურებს ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ბიუჯეტში შეტანილია 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი, დასაქმებულია 1500 ადამიანი, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების დარგებს და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამწუხაროა ასეთი შეფასება და ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და საკუთარი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ ცივილური, სამართლებრივი გზით,"- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.