ექვსი რჩევა, როგორ დავწეროთ „მკვლელი“ პრეს-რელიზი

წარმოიდგინეთ ბატონი #, რომელსაც მეუღლემ სთხოვა, მოშვებული ხრახნის მოჭიმვა ავეჯზე, ან სხვა დაზიანებული ნივთის შეკეთება. თუმცა, იმის მაგივრად, რომ სარდაფში ჩასულიყო და ინსტრუმენტების ყუთი მოეჩხრიკა, მოხუცმა კარაქის საჭრელი დანა გამოიყენა. შედეგად კი მიიღო გაღუნული დანა, ცუდად მოჭერილი ხრახნი და უკმაყოფილო ცოლი. „პრეს-რელიზი პრეს-სამსახურების ხელში, ძირითადად, კარაქის საჭრელი დანაა... მათ ყველაფერი ფურცელზე გადმოაქვთ, რაც უმეტეს შემთხვევაში, ცუდი არჩევანია“, - აცხადებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ლექტორი მაიკლ ლონგი.

ამერიკელი სპეციალისტი ამ სფეროში დასაქმებულებს პრესრელიზის ფორმატს სთავაზობს, რომელიც უნივერსალურია როგორც სახელმწიფო სექტორისთვის, ასევე პოლიტიკური კამპანიებისთვის, კორპორაციების, ცნობადი სახეებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

თუმცა, არის ერთი ნიუანსიც: თქვენ ვერ გამოიყენებთ პრეს-რელიზს როგორც ცოცხს, რომლითაც მთელს ნაგავს მაგიდიდან გადმოყრით და ამით თქვენს ბოსსა თუ კლიენტს სრულ კმაყოფილებას მოჰგვრით. სწორედ „ყველაფრით სავსე“ განცხადებებია დამნაშავე, რომ პრესრელიზები „ცუდი რეპუტაციით“ სარგებლობენ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს შორის.

მარტივი და პრატიკული რჩევები:

1. არავის არაფერი აინტერესებს

ყოველთვის წარმოიდგინეთ, რომ უნდა დაწეროთ ინფორმაცია ყველაზე ნაკლებად ცნობილ და გაურკვეველ ორგანიზაციაზე, რომლის შესახებ არავის არაფრის გაგონება უნდა. ეს კარგი გონებრივი სავარჯიშოა, რადგან გაიძულებთ, ყველა თემას საინტერესო კუთხე მოუძებნოთ. კომპანიების ძირითად უმრავლესობას ადრესატზე მეტად საკუთარი თავი აინტერესებს, რაც ახალი ამბების რელიზებზეც აისახება.  მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი კომპანიის მიერ ახლადწარმოებულ თმის გელსა თუ ხის ციგებს ჟურნალისტებზე ისეთივე შთაბეჭდილება არ მოუხდენია, როგორც თქვენს ბოსებზე. მათ შეიძლება ცრემლების ღვრამდე იცინონ თქვენს ენამჭევრობასა და სიტყვაკაზმულ „ოქროს ფრაზებზე“. სჯობს, პრესრელიზში უბრალოდ, მარტივად ახსნათ, რას ჰპირდება მკითხველს თქვენი ახალი პროდუქტი თუ სერვისი.

2. არასდროს დაგავიწყდეთ მთავარი მიზანი.

პრეს-რელიზის მიზანი არ არის აბსოლუტურად უმნიშვნელო პროდუქტის რეკლამირება, რაც თქვენს ხელმძღვანელებს უსაზღვროდ ბედნიერს გახდის, მაგრამ არცერთი ჟურნალისტი არასდროს გააშუქებს. პრეს-რელიზს უნდა მიუდგეთ, როგორც მიზანმიმართულ დოკუმენტს, რომლის ერთადერთი მოტივაციაა, დაინტერესებული ჟურნალისტის ზარი მიიღოთ. მთავარია, მოინდომოთ, ვინმემ წაიკითხოს და შემდეგ დაგირეკოთ, ან გამოგიგზავნოთ წერილი ელ.ფოსტაზე თხოვნით - მითხარი მეტი.

3. „კეთება“, თუ „შექება“ ?!

არსებობს ორი სახის პრესრელიზი: ან თქვენმა კომპანიამ შექმნა პროდუქტი და ამით ტრაბახობთ, ან მიესალმებით თუნდაც სხვის მიღწევას და „დიდების შარავანდედში“ მასთან ერთად „ბანაობთ“. იფიქრეთ, თუნდაც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერაზე, რომელმაც პარლამენტში საინტერესო კანონპროექტი შეიტანა. ასე რომ, ვიდრე წერას შეუდგებოდეთ, დაფიქრდით, რომელი ტიპის პრეს-რელიზი იქნება უფრო ეფექტური არსებულ სიტუაციაში.

4. ყველაფერი ერთ გვერდზე.

პრესრელიზი ერთ გვერდს არასდროს უნდა სცილდებოდეს. უფრო მეტიც, სასურველია, არასდროს შეავსოთ მთლიანად. ეს არ არის ესსე, სადაც ხოტბა-დიდებას ასხამთ თქვენს პროდუქტს. წერეთ მცირე პარაგრაფებად - თითოეული მათგანი კი ოთხ სტრიქონს არ უნდა აღემატებოდეს. გამოიყენეთ ბევრი სივრცე. მთავარი პირობაა, რომ პრესრელიზმა ყველაფერი არ გადმოსცეს. ეს ხაფანგია ჟურნალისტების მისაზიდად.

5. იყავით პირდაპირი დასათაურების დროს.

ყველაზე ეფექტური მოდელია: „კლიენტი აკეთებს რაღაცას“. ყველა კლიენტს (კომპანიას, ორგანიზაციას) სურვილი აქვს, მისი სახელი თავში ფიგურირებდეს, შესაბამისად, მსგავსი ტიპის სათაური მარტივად გადაჭრის აღნიშნულ პრობლემას. გარდა ამისა, კარგად მუშაობს ასპექტისთვის - „მიხვდი, რაშია საქმე“. სიტყვების თამაშითა, თუ მჭერმეტყველებით მთავარი გზავნილის გაბუნდოვანება მხოლოდ აჭიანურებს დროს, ჟურნალისტმა გაიგოს ყველაფერი. უთხარით სათქმელი მაშინვე.

6. გრძელი თამაშის პრინციპი.

და ბოლოს, თუ მუდამ აწვდით მედიას მარტივ პრესრელიზებს, ჟურნალისტები მიხვდებიან, როგორ აწარმოებთ თქვენს ბიზნესს. თქვენ გაგიცნობენ როგორც პატიოსან ბროკერს, რომელიც მათ პირდაპირ ესაუბრება. დროთა განმავლობაში ეს თქვენზე სასურველი წარმოდგენის შექმნაში დაგეხმარებათ.

ბელა ნოზაძე