მფრინავი მანქანები და ჰუმანოიდი რობოტები - რა გეგმები აქვს ჩინურ XPeng-ს

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი, XPeng Motors მომავალ წელს მფრინავი მანქანების წარმოების დაწყებას გეგმავს.

ამის შესახებ კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე ხე სიაპონმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

მისი თქმით, მანქანის მართვის სისტემა AI-ტექნოლოგიებს მოიცავს.

ამჟამად კომპანიის კონსტრუქტორები მანქანის უსაფრთხოებისა და კომფორტის დეტალების ოპტიმიზაციაზე მუშაობენ.

„2026 წელს XPeng გეგმავს, ცალკე მფრინავი მანქანის პირველი მასობრივი წარმოება ჩაუშვას, რომელსაც ჩვენ “სახმელეთო ავიამზიდს” ვუწოდებთ,“ - აცხადებს სიაპონი.

მფრინავი მანქნაების გარდა, XPeng მასშტაბურ ინვესტიციებს ჰუმანოიდური რობოტების შემუშავებასა და მასობრივ წარმოებაში გეგმავს. ინვესტიციის მოცულობამ შესაძლოა, 100 მლრდ იუანს (13,8 მლრდ დოლარს) მიაღწიოს.

Xpeng-მა ჰუმანოიდი რობოტების შემუშავება 2020 წელს დაიწყო. კომპანიამ თავისი პირველი მოდელი, Xpeng Iron 2024 წლის ნოემბერში წარადგინა, რომელიც ანალოგიური მოდელის, Tesla Optimus-ის კონკურენტი გახდა. Xpeng-ის ხელმძღვანელის თქმით, კომპანია ჰუმანოიდური რობოტების სფეროში მუშაობას, სულ მცირე, მომდევნო 20 წლის განმავლობაში გააგრძელებს.

კომპანიის ამ ახალი ამბების გამო ჰონგ-კონგის ბირჟაზე Xpeng-ის აქციები 9,19%-ით გაიზარდა და 2022 წლის ივლისის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია. 2025 წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციები გაორმაგდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ