„ეროვნული ბანკის განცხადება, რომ ვალუტის შესყიდვას იწყებს რეზერვების შესავსებად არასერიოზულია და ვერ აცნობიერებს შექმნილი პრობლემის სირთულეს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის შესყიდვებს მოჰყვება გაყიდვები. გოცირიძე აღნიშნავს, რომ მომავალ პერიოდში ქვეყანას „კატასტროფულად მცირე“ სავალუტო რეზერვები ექნება.
„ასეც რომ არ მოხდეს, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების აღდგენა იდეალურ შემთხვევაში მინიმალური ოდენობით მოხდება მისი მოცულობა დაახლოებით 3.6 მილიარდი დოლარი გახდება. ეს უკვე კრიტიკულ ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბალია. მისი მაქსიმალური ოდენობა 2023 წლის შუა ნახევარში 5.4 მილიარდ დოლარს აღწევდა. თანაც, რეზერვების ნახევარი კომერციული ბანკებისათვის ეროვნული ბანკის მიერ გაყინული ფულია (ე.წ. დარეზერვება), რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას წმინდა რეზერვები კატასტროფულად მცირე ოდენობით ექნება.
მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საერთაშორისო რეზერვებმა 202 მილიონი დოლარით იკლო და 4.23 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასეთი მდგომარეობა სახელმწიფოს საგარეო ვალდებულებების მომსახურების შედეგად იყო გამოწვეული.
მიმდინარე წელს მთავრობის საგარეო ვალის გასტუმრებას მოხმარდება 780 მილიონი დოლარის ოდენობის რეზერვები. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკსაც აქვს სავალუტო ფონდის სესხი დასაფარი, ასევე მთავრობას მოუწევს საგარეო საქმიანობის გაწევა (საელჩოების შენახვა და ა. შ. ), რაც ასევე რეზერვებიდან დაიფარება. მხოლოდ ჩამოთვლილი ხარჯების გაწევით დაახლოებით 800 მილიონი დოლარით შემცირდება რეზერვები“, - დასძინა მან.
გოცირიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რეზერვების დანაკარგების შევსება შეუძლებელი იქნება ქვეყნის საერთაშორისო პოლიტიკური იზოლაციის პირობებში.
„ფაქტობრივად, შეწყდება მთავრობისადმი საგარეო დახმარების გაწევა (გრანტები და შეღავათიანი კრედიტები). უცხოური ინვესტიციების შემცირების გამო, ეროვნულ ბანკს არ ექნება რეზერვების შევსების შესაძლებლობა. პირიქით, არაა გამორიცხული, მისი გაყიდვაც კი მოუწიოს ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად.
მთავრობა და ეროვნული ბანკი კვლავ პროპაგანდისტულად უდგება საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებს და დღემდე არ განუმარტავს, თუ რა მიზეზით შემცირდა თებერვალში ასე მკვეთრად რეზერვები. მთავრობის საგარეო ვალის მომსახურებას წლის დასაწყისიდან 130 მილიონი დოლარი მოხმარდა, როცა მხოლოდ თებერვალში რეზერვებმა 202 მილიონი დოლარით იკლო“, - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.