საპარტნიორო ფონდი ქუთაისში ახალი სასტუმროს მშენებლობას იწყებს

საპარტნიორო ფონდი ქუთაისში ახალი სასტუმროს მშენებლობას იწყებს. საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით ,  ფონდმა "კაპიტოლ ჰოლდინგთან" ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას და ტურიზმის სექტორში ახალი სასტუმროს პროექტის განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.

ხელშეკრულების თანახმად, ახალი სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება ქუთაისში, რომელიც პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება იმერეთის რეგიონში. სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ცენტრში განთავსდება, ექნება 40 სტანდარტული და 5 ლუქსის ტიპის ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს.

სასტუმროს მშენებლობას დღეს სიმბოლურად საფუძველი ჩაუყარეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ.

"საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ამ პროექტში "კაპიტოლ ჰოლდინგია." პროექტის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია, სადაც ფონდის მონაწილეობა 1.4 მლნ აშშ დოლარია. სასტუმროს დეველოპმენტს განახორციელებს კომპანია "სიმეტრია," რომელიც Best Western International-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. სასტუმროს მშენებლობა 2017 წელს დასრულდება", - ნათქვამია განცხადებაში.