ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი დღეს რამდენიმე ქალაქს გაეთიშება

ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ზესტაფონში, მარტვილში, სამტრედიაში, ხონსა და სენაკში დღეს ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი გაითიშება.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, აგრეთვე გაითიშება აბაშის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხობისა და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული ხელშემშლელი ანალოგური სატელევიზიო გადამცემები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი" საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ციფრული მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას დასჭირდება DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი. ასევე, სიგნალის გარანტირებულად მისაღებად საჭიროა შენობის სახურავზე დამონტაჟებული მეტრულ-დეციმეტრული ანტენა. თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სატელევიზიო ანძისკენ მიმართული ოთახის ანტენის გამოყენებაც.

საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალის ეტაპობრივი გათიშვა, რომელიც 2015 წლის 1-ელ ივლისს თბილისის სამაუწყებლო ზონით დაიწყო და 25 აგვისტოს საქართველოს მთელი ტერიტორიის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით დასრულდება. რეგიონებში ანალოგური სიგნალის გათიშვის პარალელურად მიმდინარეობს შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან. პროცესში ჩართული მხარეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ციფრული მაუწყებლობის სააგენტო, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, საქართველოს ტელე-რადიო ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას აწვდის რეფორმის თაობაზე, ასევე, საზოგადოებასთან უშუალო კომუნიკაციის დროს პრაქტიკული და ტექნიკური ახსნა-განმარტებების მიცემა ხდება.