ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში შარშანდელზე ორჯერ მეტი მიმოზა შევიდა

სოჭის საბაჟო თანამშრომლებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან მიმოზას რეკორდული გადაზიდვები გააფორმეს. ინფორმაციას რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის სამხრეთ სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ოქროს თაიგულების” მიწოდების მოცულობამ გასული სეზონის მაჩვენებლებს, თითქმის, ორჯერ გადააჭარბა.

კერძოდ, რუსეთის საბაჟო სამსახურის ცნობით, ადლერის მრავალმხრივ საავტომობილო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლი 400 ტონაზე მეტმა მიმოზამ გაიარა. 8 მარტის დღესასწაულამდე აფხაზეთიდან რუსეთში დღეში 25-დან 50 ტონამდე ყვავილი შედიოდა.

ცნობისთვის, გასულ წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 240 ტონა მიმოზა შევიდა.

რეგიონში თბილმა ამინდებმა ყვავილობის ადრეულ სეზონს ხელი შეუწყო, რომელიც ბოლო 2 წლის მსგავსად წელსაც იანვრის ბოლოს დაიწყო, მაშინ, როცა მანამდე ყვავილების ექსპორტი თებერვლის შუა რიცხვებიდან იწყებოდა.

კომერციული რაოდენობით მეწარმეებს მიმოზა კრასნოდარში, როსტოვში, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში შეჰქონდათ, ხოლო პატარა თაიგულები მოქალაქეებს პირადი მოხმარებისთვის გადაჰქონდათ.

მყიფე ყვავილს კომერციული ფორმის შენარჩუნებისთვის ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობები სჭირდება. კერძოდ, მიმოზა ყუთებში ჰერმეტულად იფუთება და მისი ტრანსპორტირება დაბალი ტემპერატურის პირობებში ხდება.

იმპორტს რუსეთის მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის თანამშრომლები აკონტროლებენ, რადგან მავნებლის აღმოჩენის გამო პროდუქციის მიწოდებაზე შეზღუდვები იყო დაწესებული. კერძოდ, 22 თებერვალს რუსეთის საკარანტინო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზური მიმოზის პარტიაში კალიფორნიული ყვავილოვანი ტრიპსი აღმოაჩინეს და მისი იმპორტი აკრძალა. თუმცა 2 მარტიდან მიწოდება განახლდა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისთვის მიმოზის ყველაზე დიდი მიმწოდებელია. ყვავილი, ძირითადად, რუსეთის ცენტრალურ რეგიონს მიეწოდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ