ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც მტკვარზე „კასპი ჰესს“ ააშენებს

კასპის მუნიციპალიტეტში „კასპი ჰესის“ მშენებლობა იგეგმება. ჰესი სოფელ მიქელწაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე აშენდება. გარემოზე ზემოქმედების შესახებ კვლევა გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ კალაპოტური ტიპის „კასპი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 22.4 მგვტ იქნება. პროექტს შპს „ენ-სი ჯგუფი 2022“-ი ახორციელებს.

2-1741775929.jpg

როგორც გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტიდან ირკვევა, ჰესის მშენებლობის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ზიანი არ მიადგება.

„კასპი ჰესის საპროექტო ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ხილული ნაგებობები წარმოდგენილი არ არის. მის სიახლოვეს არ გვხვდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პორტალზე აღრიცხული ძეგლები. მიუხედავად ამისა ვიზუალური დაზვერვების დროს გამოვლინდა არქეოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო უბანი.

ხსენებულ არქეოლოგიურ უბნებს შორის ძალზედ საინტერესოა, სავარაუდოდ ელინისტური ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი, რომელიც საპროექტო ტერიტორიაზე შემავალ ფერდზე მდებარეობს. პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს მტკვრის დინების დატბორვა და მდინარის ჯებირში მოქცევა. თუმცა გამოვლენილი ძეგლი უშუალოდ დატბორვის ზონაში არ ხვდება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება პროექტის შემსრულებელ „ენ-სი ჯგუფი 2022“-ს, მისი წილების სრული მესაკუთრე კოკა კოკოლაშვილია, დირექტორის პოსტს კი გოჩა მუსელიანი იკავებს.

მერი ტაბატაძე