ჩინეთიდან ექსპორტი ტრამპის ტარიფების გამო შენელდა

ჩინეთის ექსპორტის ზრდა მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში შენელდა, რის მიზეზადაც აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ტარიფების გამკაცრებასა და „სავაჭრო ომის“ მოლოდინებს ასახელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ჩინეთის საბაჟოს მთავარი სამმართველოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ -თებერვალში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 2,3%-ით გაიზარდა და 539.94 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ბოლო კვარტლის ზრდის დინამიკას ჩამორჩება.

მაგალითად, 2024 წლის ოქტომბერში ქვეყნის ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 12,7%-ით გაიზარდა და 27-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. იმავე წლის ნოემბერში ექსპორტი 6,7%-ით, ხოლო დეკემბერში 10,7%-ით გაიზარდა.

გასული წლის ბოლო კვარტალში ექსპორტის ზრდა იმით იყო განპირობებული, რომ ჩინელი მწარმოებლები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებისა და მისი პრეზიდენტობის დროს ტარიფების გაზრდის მოლოდინში დიდი მოცულობის წინასწარ გადაზიდვებს ეწეოდნენ.

ტრამპის მიერ ტარიფების პირველმა ზრდამ ჩინეთის ექსპორტს დაარტყა. კერძოდ, თუ 2024 წლის დეკემბერში აშშ-ში ჩინეთის ექსპორტი 15,6%-ით გაიზარდა, მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში მხოლოდ 2,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ჩინეთის იმპორტს, პირველ ორ თვეში, წინა წელთან შედარებით, 8,4%-ით შემცირდა და 369.43 მლრდ დოლარი შეადგინა. ეს 2023 წლის ივლისის შემდეგ იმპორტის ყველაზე მკვეთრი ვარდნაა.

ქვეყნის პოზიტიურმა საგარეო სავაჭრო ბალანსმა პირველი ორი თვის განმავლობაში 170.5 მლრდ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 1-ელ თებერვალს ხელმოწერილი ბრძანებით ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იანი ტარიფები დააწესა, რაც 4 თებერვლიდან ამოქმედდა, ხოლო ერთ თვეში, 4 მარტს, წინა ბრძანების შესწორებით ეს ტარიფები 20%-მდე გაზარდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ ჩინეთიდან ექსპორტირებულ საქონელზე ტარიფების 60%-მდე გაზრდა შეუძლია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ