ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული ისევ გაძვირდა

სოფლის მეურნეობის პროდუქტები ივლისის ბოლოსაც საკმაოდ ძვირია. პროდუქტის გაძვირებას გლეხები უამინდობას უკავშირებენ. მათი თქმით, ქარიანმა ამინდმა მოსავალზე უარყოფითი გავლენა იქონია. როგორც ისინი bpn.ge-თან საუბრისას აცხადებენ, მცენარეებს ყვავილობის დროს,ქარიანი ამინდების გამო ყვავილი ფაქტობრივად, აღარ შერჩა. მომხმარებელი კი ვარაუდობს, რომ ზამთრისთვის სურსათის მომარაგებას ვერ შეძლებს, რის გამოც მძიმე ზამთარი და კიდევ უფრო რთული გაზაფხული ელის.

მოვაჭრეების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, ბევრი პროდუქტის ფასი გაორმაგებულია. ადგილობრივ ბაზარზე 1კგ. პომიდვრის ფასი 1,60-2ლარამდე მერყეობს. მაშინ, როცა ერთი კვირის წინ 70-80 თეთრი ღირდა. ასევე ერთი კვირის წინ თუ 1კგ კიტრის ღირებულება 60-70 თეთრი იყო, ახლა 1 ლარიდან - 1,50 ლარამდე მერყეობს. გაძვირდა ხახვი, ნიორი და კარტოფილიც.

მაღალია ფასები ხილზეც. ბოლო რამდენიმე დღეა ატმის ფასი თითქმის გაორმაგებულია. 1კგ. ატამი 1,50-დან 2 ლარამდე ღირს. ფასმა მოიმატა ქლიავსა და თეთრ ბალზეც. "ხილი და ბოსტნეული ძალიან გაძვირდა. ფასები გაორმაგებულია. მომხმარებელი 1-2 კილოგრამის ყიდვას ძლივს ახერხებს. პამიდორი ძალიან საჭირო პროდუქტია და სწორედ მისი ფასი ისე გაიზარდა, რომ ხალხს ძალიან უჭირს პროდუქტის შეძენა,"- აცხადებენ bpn.ge-თან საუბრისას მოვაჭრეები.

გაზრდილი ფასის გამო უკმაყოფილებას მომხმარებლებიც გამოთქვამენ: "ფასი საგრძნობლად მომატებულია და ჩემი შემოსავლი ერთი თეთრითაც არ გაზრდილა. შარშან უფრო ვახერხებდი ხილის ყიდვას. წელს კი მუდმივად მიზერული რაოდენობით ვყიდულობ და იმასაც ბავშვებს ვუზოგავ. სიმართლე გითხრათ, ასეთი ფასები ძალიან მაშინებს და ზამთრის დადგომისაც მეშინია",- განაცხადა მარინა სპანდერაშვილმა.

როგორც მოვაჭრეები ამბობენ, სეზონის დასრულების შემდეგ ხილი და ბოსტნეული კიდევ გაძვირდება.

თიკო გურაშვილი