“გაზპრომმა” ევროპაში ექსპორტის 90%-ზე მეტად ვარდნის გამო საექსპორტო განყოფილების თანამშრომლები უკვე შეამცირა და ამჟამად შენობის გასაყიდად გატანასა და სანქტ-პეტერბურგის “ლახტა-ცენტრში” მდებარე ოფისის თანამშრომლების 40%-ის გათავისუფლებას გეგმავს.
ამის შესახებ Reuters კომპანიის ტოპ-მენეჯერებსა და თანამშრომლებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს წყარო ამბობს, რომ „გაზპრომ-ექსპორტი“ ოდესღაც მონოპოლიის ელიტური, ყველაზე წარმატებული განყოფილება იყო, მაგრამ ამჟამად მისგან „მხოლოდ გარსიღაა“ დარჩენილი. კერძოდ, 600 თანამშრომლიდან, რომლებიც ხუთი წლის წინ „გაზპრომ-ექსპორტში“ მუშაობდნენ, მხოლოდ რამდენიმე ათეული დარჩა. ისინი ამჟამად, ძირითადად, სამართლებრივ დავებს აწარმოებენ ყოფილ ევროპელ კლიენტებთან, რომლებმაც “გაზპრომის” წინააღმდეგ 18 მლრდ ევროზე მეტ თანხაზე სარჩელი შეიტანეს.
ამასთან, კომპანია, რომელიც დოლარში მრავალმილიარდიან ზარალს განიცდის და ფულის დაზოგვას ცდილობს, 2014 წელს იტალიური პალაცოს სტილში აშენებული ოფისის, ასევე, სხვა ელიტური უძრავი ქონების გაყიდვას აანალიზებს.
Reuters-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერმა სათაო ოფისში 1500 სამუშაო ადგილის შემცირების გეგმა უკვე დაამტკიცა. მართალია, „გაზპრომის“ შტაბ-ბინაში თანამდებობიდან გათავისუფლებები ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ თანამშრომლებს სთხოვეს, მოემზადებინათ პრეზენტაციები, თუ რატომ უნდა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. შემცირება შტაბ-ბინის პერსონალის, დაახლოებით, 40%-ს შეეხება, პროცესი კი რამდენიმე კვირაში დასრულდება.
უკრაინის ომამდე ევროკავშირის ქვეყნების მიერ გაზის იმპორტში “გაზპრომის” წილი 40%-ს აჭარბებდა, რაც დღეს, ევროკომისიის მონაცემებით, 7%-მდე დაეცა. ხუთი მილსადენიდან, რომლითაც მიწოდება ხდებოდა, ამჟამად მხოლოდ ერთი, “თურქული ნაკადი” მუშაობს. 2023 წელს ექსპორტი 28 მლრდ კუბურ მეტრამდე დაეცა, რაც 1970-იანი წლების მეორე ნახევრის დონეს შეადგენს. წელს ევროპას მიწოდება კიდევ უფრო შემცირდა, რადგან უკრაინამ უარი თქვა იმ მილსადენით ტრანზიტზე, რომელიც დეკემბრამდე მუშაობდა. 1990 წლის, ანუ “გაზპრომის” დაარსების შემდეგ გაზის მოპოვება 2023 წელს ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა და მხოლოდ 404 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, ხოლო ზარალმა რეკორდულ ოდენობას, 629.1 მლრდ რუბლს (7.3 მლრდ დოლარს) მიაღწია. რუსეთის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ანგარიშის თანახმად, გასული წლის მხოლოდ პირველ ნახევარში კომპანიამ, თითქმის, 500 მლრდ რუბლი (5.8 მლრდ დოლარი) იზარალა.
2007 წელს “გაზპრომის” საბაზრო კაპიტალიზაცია 330 მლრდ დოლარს აჭარბებდა და ალექსეი მილერი მაშინ თავდაჯერებულად აცხადებდა, რომ კომპანიის ღირებულება 1 ტრლნ დოლარს მიაღწევდა.
“ეს იმედები ჯერ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა გაანადგურა, ხოლო კომპანიის ევროპული ბიზნესი უკრაინაში პუტინის ექსპანსიურმა გეგმებმა საბოლოოდ დაასამარა,” - წერს Reuters.
ამჟამად “გაზპრომის” კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 46 მლრდ დოლარია და უფრო ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, სამხედრო ტექნიკის გერმანული მწარმოებლის, Rheinmetall-ის საბაზრო ღირებულებაა, რომელიც 61.5 მლრდ დოლარს შეადგენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ