ქართული საზამთრო თურქულს და ირანულს კონკურენციას ვერ უწევს

წელს კახეთში საზამთროს კარგი მოსავალია, თუმცა შარშანდელთან შედარებით ჭირს როგორც ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, ასევე მისი ექსპორტზე გატანა. ახალსოფლის, ყვარლის, გავაზისა და სანავარდოს მოსახლეობის თქმით, ქართულ საზამთროს ირანულისა და თურქულის სახით კონკურენტი გამოუჩნდა.

„როგორც იტყვიან, ირანულმა და თურქულმა საზამთრომ ჩაგვძირა. პრაქტიკულად, ჩვენი საზამთრო ახლა შემოვიდა, ირანული საზამთრო კი ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გამოჩნდა, თანაც გაცილებით იაფი ღირს. ახლა ბათუმში მხოლოდ თურქული საზამთრო იყიდება. სამწუხაროდ, უწინდებურად ვერც ექსპორტზე გაგვაქვს. ჩვენი ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი სწორედ აზერბაიჯანი იყო. თუმცა, ვითარება რადიკალურდ შეიცვალა. მეზობელ თურქეთსა და ირანში საზამთრო გაცილებით იაფი ღირს და ჩვენსას რატომ შეიძენს აზერბაიჯანელი მომხმარებელი? საბაჟო გადასახადიც გაგვიზარდეს. 1 კილოგრამი საზამთროს შეტანა აზერბაიჯანის საზღვარზე თითქმის 80 თეთრი გვიჯდება. ადგილობრივ ბაზარზე კი იმდენი მოთხოვნა არ არის, რომ მოსავალი სრულად გავყიდოთ,“ - ჩივიან ადგილობრივები.

შარშანდელთან შედარებით, ერთი კილოგრამი საზამთროს საბითუმო ფასი 40 თეთრიდან 18 თეთრამდე შემცირდა, თუმცა გლეხებს მოწეულის გაყიდვა მაინც უჭირთ.

„შარშან საზამთროს კარგი მოსავალი იყო დ კარგ ფასშიც გავყიდეთ. ერთ ჰექტარზე სულ მცირე ათი ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს. ხალხმა საზამთროს გაყიდვით იმდენი მოგება ნახა, რომ ბინები იყიდეს და სახლები გაარემონტეს. წელს კი, მძიმე სიტუაცია გველის. ჯერ იყო თვენახევარი წვიმა არ მოსულა და მოსავლის მოწევა დაგვიანდა. ახლა ამინდებმა ხელი შეგვიწყო, მოსავალი წამოვიდა, თუმცა მოწეულის რეალიზებას ვერ ვახერხებთ. გასულ კვირას ერთი კილოგრამი საზამთრო 12 თეთრად ჩავაბარე. არადა, შარშან ისე კარგად გავყიდეთ, რომ სული მოვითქვით. წელს ბანკიდან კრედიტი ავიღეთ, მაგრამ მოგებას ვინ ჩივის, ნეტავ იმდენი მაინც ავიღოთ, რომ კრედიტი დავფაროთ“, - ამბობს ყვარლელი ომარ სეფაშვილი.

bpn.ge-თან საუბარში ცალკეული მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გლეხების უმრავლესობამ საზამთროს ბაღები კრედიტის ხარჯზე გააშენა. „ჩვენი გლეხების უმეტესობას შესაბამისი ცოდნას არ აქვთ. როცა ერთ წელს დიდ მოსავალს მიიღებ, მეორე წელს ის მიწა უნდა დაასვენო ან სხვა კულტურით ჩაანაცვლო. რადგან ის მიწა სასუქით გაჯერებულია და იქ სხვა კულტურა, მაგალითად სიმინდის ან პამიდვრის დიდი მოსავალი მოვა. ყველას სურს მოგება ერთბაშად ნახოს. მერე კი წუწუნებენ: კრედიტს ვერ ვფარავთო. შენიშვნას თუ მისცემ, გეტყვიან: ჩემი მამა-პაპა ასე მუშაობდა და ჰალსტუხიანმა რა უნდა გვასწავლოო, - ამბობს ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

სალომე გოგოხია