„1 ტაბლეტ ლევომიცეტინს შეუძლია მთელი საქართველოს თაფლი დააბინძუროს - ორიენტირი უნდა გავაკეთოთ ხარისხზე“ - ასოციაცია

„1 ტაბლეტ ლევომიცეტინს შეუძლია მთელი საქართველოს თაფლი დააბინძუროს - ერთი როცა ჩარევს, სხვებსაც ტალახი ეცხება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ განაცხადა.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2024 წელს ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებელი ნარჩენების კვლევის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიებში გამოიკვლია. გამოკვლევის შედეგად თაფლის დაბინძურება 5%-ში გამოვლინდა.

პაპავა აღნიშნავს, რომ მეფუტკრეთა ნაწილი წარმოებაში სხვადასხვა სახის პრეპარატს იყენებს, რაც დამაზიანებელია რეპუტაციულად ყველა მწარმოებლისთვის. მისი თქმით, გარდა შემოწმებისა, კომპანიებმა, რომლებიც მწარმოებლისგან პროდუქციას მიეყენება, წინასწარ უნდა შეისწავლონ, რა მეთოდით ხდება სათაფლეში პროდუქციის წარმოება და იმის მიხედვით შეიძინონ თაფლი.

„2018-2021 წლამდე გვქონდა 56% დანაგვიანება. 2023 წელს გვქონდა 1% და მცირედით გაიზარდა 5%-მდე 2024 წელს. თუმცა, არც ეს არის ძალიან სახიფათო ნიშნული, ეს ყველაფერი არის გამოძახილი ძველი პრაქტიკით, რასაც მეფუტკრეები მისდევენ.

კომპანიები, რომლებიც შიდა ბაზარზე ოპერირებენ, უნდა მოიქცნენ ასე - კარგად უნდა გაარკვიონ, რა პრაქტიკაა დანერგილი საფუტკრეებში და ანტიბიოტიკს თუ იყენებს მეფუტკრე, არ უნდა იყიდოს ასეთი მეფუტკრისგან თაფლი. ბოლოს და ბოლოს, მეფუტკრეები მიხვდებიან, რომ ეს მათთვის სარგებლიანი არ არის და თან ეს თაფლს საერთოდ არ სჭირდება. 1 ტაბლეტ ლევომიცეტინს შეუძლია მთელი საქართველოს თაფლი დააბინძუროს. ერთი როცა ჩარევს, სხვებსაც ტალახი ეცხება.

ყველა უნდა მიხვდეს, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ ორიენტირი უნდა გავაკეთოთ ხარისხზე და არა თაფლის რაოდენობაზე. უნდა ვაწარმოოთ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის თაფლი. შიდა ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია და მოთხოვნები გაზრდილია ბიო თაფლზეც“, - განაცხადა ალეკო პაპავამ.

მერი ტაბატაძე