შთამბეჭდავი ჩანს რიცხვები, თუმცა, სინამდვილეში, საქართველოს შუა დერეფანზე ტვირთების მხოლოდ 1.8% მოდის - პაატა ცაგარეიშვილი

„1.8%-ის ნაცვლად, 5% არის ის ორიენტირი, რომელმაც საქართველოს შუა დერეფანმა რუსეთთან კონკურენტულ ბრძოლაში უნდა მიაღწიოს“, - ამის შესახებ ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა პაატა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით ის მომავალ წელს ჩინეთიდან 600 ერთეული მატარებლის საქართველოს შუა დერეფანზე გატარების შესაძლებლობას გამოეხმაურა.

როგორც პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რიცხვებში 352 მატარებლიდან 600-მდე ზრდა შთამბეჭდავი ჩანს, თუმცა, სინამდვილეში, ერთიან სურათში, საქართველოს შუა დერეფანზე ტვირთების მხოლოდ 1.8% მოდის.

„600 ცოტა გადაჭარბებულად მიმაჩნია. შარშან 352 მატარებელი იყო. როგორც ვიცი, არის ასეთი მიზანი, რომ 1000 მატარებელს მიაღწიოს 2027-2028 წლებში. თუმცა, პროცესი კარგად რომ წარმოვიდგინოთ, ჩინეთიდან რუსეთის გავლით, ძალიან ბევრი მატარებელი მოძრაობს. შარშან დაახლოებით 9 900 ბლოკ მატარებელი იყო და საქართველოზე მხოლოდ 352-მა გამოიარა. ეს არის 1.8%. ერთიან სურათში თუ შევხედავთ, ჩემი აზრით, 1.8% ძალიან მცირეა იმისთვის, რომ აქცენტი სწორად დავსვათ, რამდენად ფუნქციონალურია შუა დერეფანი. მიმაჩნია, რომ 1.8%-ის ნაცვლად, 5% არის ის ორიენტირი, რომელმაც საქართველოს შუა დერეფანმა რუსეთის დერეფანთან კონკურენტულ ბრძოლაში უნდა მიაღწიოს. ანუ, რიცხვებში კი გაიზარდა 15-ჯერ, მაგრამ მთლიან ტვირთნაკადში ეს მხოლოდ უმნიშვნელო, 1.8%-ია.

როდესაც ამდენი ინვესტიცია იდება ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში და ხდება ტექტონიკური ძვრები ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ჩვენ უბრალოდ ვტკეპნით ერთ ადგილს. ვერც ანაკლია დავიწყეთ, ვერც ფოთს პორტს ვავითარებთ“,- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, მომავალი წლისთვის შუა დერეფნის მეშვეობით 600 დამატებითი მატარებლის ტრანსპორტირება იგეგმება. მისი თქმით, ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მიმდინარე წელს დასრულება და ტვირთნაკადი 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

ნინი ქეთელაური