„წითელი,“ „ნარინჯისფერი“ და „ყვითელი“ სიები - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალება/შეეზღუდებათ აშშ-ში შესვლა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 43 ქვეყნის, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის აშშ-ში შესვლაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავს.

ამის შესახებ New York Times ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

შესაბამისი პროექტი შეერთებული შტატების დიპლომატებმა და უსაფრთხოების სამსახურებმა შეიმუშავეს და ქვეყნების კლასიფიკაციას სამ კატეგორიად ითვალისწინებს, როგორიც არის „წითელი,“ „ნარინჯისფერი“ და „ყვითელი.“

„წითელი“ სია 11 ქვეყანას მოიცავს, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა სრულად აეკრძალებათ. სიაში შედის ავღანეთი, ბუტანი, კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი.

„ნარინჯისფერ“ სიაში შედის 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს აშშ-ში გამგზავრება მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ. ქვეყანაში შესვლას მხოლოდ „მდიდარი ბიზნესმოგზაურები“ შეძლებენ, ხოლო ტურისტული და საიმიგრაციო ვიზებით შესვლა შესაძლოა, აიკრძალოს. ამ სიაში რუსეთის, ბელარუსის, ჰაიტის, ლაოსის, მიანმარის, პაკისტანის, სიერა-ლეონეს, სამხრეთ სუდანის, ერიტრეისა და თურქმენეთის შეყვანა არის დაგეგმილი.

„ყვითელ“ სიაში 22 ქვეყანაა, რომლებსაც 60 დღე იმ საკითხების მოსაგვარებლად მიეცემათ, რომლებიც აშშ-ის შეშფოთებას იწვევს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „ნარინჯისფერ“ ან „წითელ“ კატეგორიაში გადაინაცვლებენ. ამ სიაში, ძირითადად, კარიბის აუზისა და აფრიკის ქვეყნები მოხვდნენ.

ჯერ უცნობია, გავრცელდება თუ არა ახალი წესი უკვე გაცემულ ვიზებსა და მწვანე ბარათებზე. მათი გაუქმების შესაძლებლობის საკითხი კვლავ ღიაა.

გამოცემა წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყანაში შესვლის ახალი რეკომენდაციები რამდენიმე კვირის წინ მოამზადა და ვიდრე დოკუმენტი თეთრ სახლს წარედგინება, ის შესაძლოა, დაკორექტირდეს.

ცნობისთვის: იანვარში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას იმ ქვეყნების იდენტიფიცირებისთვის, რომელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია „არასაკმარისია გადამოწმებისთვის,“ ეს კი აშშ-ში მათი მოქალაქეების შესვლის ნაწილობრივ ან სრულ შეჩერებას მოითხოვს. ტრამპმა მსგავსი აკრძალვა პირველი საპრეზიდენტო ვადის დროსაც (2017-2021 წწ) შემოიღო, რომელიც მოგვიანებით მისმა მემკვიდრემ, ჯო ბაიდენმა გააუქმა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ