რა წერია კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში?

bpn.ge უცვლელად გთავაზობთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნის ანოტაციას, სადაც დასკვნის ძირითადი აქცენტები და მოკლე შეფასებაა გადმოცემული.

გასულ კვირას კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონომიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. სააგენტომ ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა, რომელიც 2014 წლის 12 ნოემბრიდან მიმდინარეობდა,  ვადაზე ადრე, 8 თვეში დაასრულა და 1 200-გვერდიანი დასკვნა წარადგინა. თუმცა, საზოგადოებისთვის კვლევის გარკვეული ნაწილი საგადასახადო კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს და ყველა დეტალი ცნობილი არ გახდება.

bpn.ge უცვლელად გთავაზობთ კონკურენციის სააგენტოს დასკვნის ანოტაციას, სადაც დასკვნის ძირითადი აქცენტები და მოკლე შეფასებაა გადმოცემული.

"კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მ/წ. 14 ივლისის №81 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სააგენტოს ინიციატივით 2014 წლის 12 ნოემბერს დაწყებული ნავთობპროდუქტების ბაზრის მოკვლევის დასრულების შესახებ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) შესაბამისი ბაზრისათვის.

კონკურენციის სააგენტომ ავტოსაწვავის (ბენზინი, დიზელი) სასაქონლო ბაზრის კვლევა განახორციელა 2004-2015 წლების პერიოდის მონაცემების შესწავლის გზით, ხოლო უფრო დეტალურად განიხილა 2008-2014 წლებში ბაზარზე მიმდინარე პროცესები. აღნიშნული პერიოდი შესწავლილ იქნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ სააგენტოს შექმნოდა სრულყოფილი წარმოდგენა ხსენებულ სასაქონლო ბაზარზე წლების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებსა და ტენდენციებთან მიმართებაში. შესაბამისად, სააგენტოს ამოცანას წარმოადგენდა კონკურენციის კანონმდებლობის ფარგლებში შეეფასებინა ეს პერიოდი.

მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც 1200 გვერდამდეა და ეფუძნება 50-მდე ტომს, კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) სასაქონლო ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების ქმედებები შეაფასა - ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებთან მიმართებით და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სამივე ნორმის დარღვევას, კერძოდ, შეფასდა:

1. ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის დადებული ფრენშაიზინგის ხელშეკრულებების ფარგლებში განსაზღვრული შეთანხმებული საცალო რეალიზაციის ფასები, როგორც ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის დარღვევა;

2. 2010-2012 წლებში შესაბამის ბაზარზე არსებული ხელოვნური ბარიერი, რომელმაც გამოიწვია აღნიშნულ პერიოდში იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის სტრუქტურული დონეებიდან ეკონომიკურ აგენტთა გასვლა, როგორც ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის დარღვევა;

3. განგრძობადი ქმედების სახით გამოხატული შეთანხმებული მოქმედება ბაზარზე მოქმედ ეკონომიკურ აგენტებს შორის, რაც გამოიხატებოდა ფასწარმოქმნის შეთანხმებულ პირობებსა და მასთან დაკავშირებული რაოდენობრივი გადანაწილების მექანიზმებთან, რომელშიც ბაზარზე მოქმედ ხუთ უმსხვილეს კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა დამატებით სამი კომპანია, რომელთა საქმიანობის ძირითად სფეროს ავტოსაწვავით საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენდა, შეფასდა როგორც ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტების დარღვევა.

ფრენშაიზინგის ხელშეკრულებების ფარგლებში განსაზღვრული შეთანხმებული საცალო რეალიზაციის ფასების შეფასებისას სააგენტომ დააკვალიფიცირა შპს ,,ლუკოილ ჯორჯიასა" და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ 10 (ათი) ეკონომიკურ აგენტს შორის არსებული შეთანხმება და შპს ,,რომპეტროლ საქართველოსა" და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ 13 (ცამეტი) ეკონომიკურ აგენტს შორის არსებული შეთანხმება, როგორც ,,კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის დარღვევა. სააგენტომ გაითვალისწინა, ის გარემოება, რომ ფრენშაიზინგის ხელშეკრულების მხარეებს უფლება აქვთ იმოქმედონ ლოიალური კონკურენციის პრინციპის შესაბამისად, თუმცა აქვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ლოიალური კონკურენცია არ მოიცავს კონკურენციის გამორიცხვას ფასთან მიმართებით, რასაც ადგილი ჰქონდა განსახილველ შემთხვევაში. სააგენტომ ასევე გაითვალისწინა ფრენშაიზის მიმღები მხარეების პასიური როლი ხელშეკრულების პირობების ფორმირების პროცესში, ასევე მათი თანამშრომლობის მაღალი ხარისხი მოკვლევის პერიოდში და მათ დააკისრა სიმბოლური ჯარიმა, თითოეულს - 200 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის დარღვევას, სააგენტომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ 2010-2012 წლებში როდესაცეკონომიკური აგენტები ვეღარ ახერხებდნენ საწვავის ხელსაყრელ ფასში შესყიდვას და ვერც იმპორტს, საზღვარგარეთის ვერცერთი ქვეყნიდან, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით. ამასთან, ადგილზე ვერ ახერხებდნენ საქონელის შეძენას, ან იძენდნენ იმ ფასად, რომ ამ სახით შესყიდვებით სამეწარმეო საქმიანობა შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დონის გაყიდვების მწარმოებელი ეკონომიკური აგენტები გავიდნენ სასაქონლო ბაზრიდან - 600-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური გაჩერდადა მათი ფიზიკური კაპიტალი (იჯარა/შესყიდვა) გადანაწილდა სასაქონლო ბაზარზე დარჩენილ კომპანიებს შორის. შესაბამისად, მათ მიერ რეალიზებული საქონლის მოცულობა 2 წელიწადში 2,5-ჯერ გაიზარდა (დაახლოებით მილიარდ ნახევარზე მეტით).

აღნიშნული სახით ბაზარმა იარსება 2012 წლის ნოემბრამდე, ხოლო მის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა სასაქონლო ბაზარზე საქმიანობა. კერძოდ, გაჩნდა ალტერნატიული შემომტანი და საბითუმოდ გამყიდველი კომპანიები, რომლის შედეგად დაიწყო ამუშავება ბაზრზე უქმად დარჩენილმა ავტოგასმართმა სადგურებმა.

სასაქონლო ბაზრის შეფასებისთვის სრულიად საკმარისია იმის დანახვა, რომ მოკლე დროის მონაკვეთში ორ სრულიად სხვადასხვა სახის სასაქონლო ბაზრის ფუნქციონირებასთან გვაქვს საქმე. ეს ორი რადიკალური განსხვავება ცალსახად გიჩვენებს ბაზრის საქმიანობის ნიშნებს, რაზეც პროფესიული დაკვირვება გიკონკრეტებს იმ გარემოებასა და ნიშნებს, რაც შეფასებისათვის საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს.

იმისათვის, რომ ეკონომიკური ანალიზის მეშვეობით მოახდინო "კონკურენციის შესახებ"-საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და "გ" ქვეპუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით სასაქონლო ბაზრის შეფასება -უნდა არსებობდეს, აუცილებელი და საკმარისი პირობა იმისა, რომ სასაქონლო ბაზარს გააჩნდეს ყველა ის ნიშანი, რომელ გარემოებაში შეუძლებელია სხვა შემთხვევას ჰქონდეს ადგილი, გარდა მიზნობრივი ხასიათის ურთიერთობისა. ეს იმდენად დამახინჯებული სახის საქმიანობას წარმოადგენს სასაქონლო ბაზრისა, სადაც ფასწარმოქმნის ფაქტორებსა და ფასის დაწესების პრაქტიკა ნებისმიერი მესამე პირისათვის აღიქმება, როგორც მიზნობრივი ქცევის მატარებელი მდგომარეობა. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ნორმალური საზოგადოებრივი ურთიერთობისას, სადაც ინსტიტუტები თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობენ შეუძლებელია კონკურენციის სააგენტომ არსებითი ფაქტობრივი გარემოებების გარეშე მოახდინოს შეთანხმებული ქმედების კვლიფიცირება, რადგან კონკურენციის სააგენტოს გაცნობიერებული აქვს ის, რომ ის არ წარმოასდგენს შეფასების საბოლოო ინსტანციას.

ამასთან, ყველა იმ პირს რომელსაც შეხება აქვს (ან ჰქონდა) კონკურენციის სამართალთან, კარგად ესმის, რომ ასეთი სახის შეფასება მრავალჯერ იქნება განხილული საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წესის თანახმად - კრიტიკული თვალსაზრისით, კონკურენციის წამყვანი ოფისების მიერ. ასევე, კონკურენცის კანონმდებლობის ამ სახით გამოყენება იქნება კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციების (მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი) განსჯის საგანი, რაც საქართველოს კონკურენცის სააგენტოს ბოლომდე აქვს გაცნობიერებული და ყველა ამ გამოწვევის გათვალისწინებით მოქმედებს კომპეტენციის ფარგლებში.

როცა ორი წლის განმავლობაში არ წარმოებს სასაქონლო ბაზარზე შემოტანები სხვა დანარჩენი ნებისმიერ ეკონომიკური აგენტების მხრიდან და როდესაც ათეულობით ეკონომიკური აგენტი გასულია სასაქონლო ბაზრიდან (არა მხოლოდ ეკონომიკური ნიშნით), შეუძლებელია ეს გარემოება, კონკურენციის დაცვის ნებისმიერიექსპერტის მიერ შეფასებული იქნას იმ სახით, რომ სასაქონლო ბაზარზე დარჩენილების ქცევა შეუძლებელია არ ატარებდეს მიზნობრივი ხასიათის ქცევის ნიშნებს.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიაჩნდა, რომ ყველა ის ფაქტორი, რომელიც ევროპული ან ამერიკული გამოცდილების გათვალისწინებით საკმარისია მტკიცებისათვის, შეიძლება საქართველოსათვის არ იყოს საკმარისი, რადგან ამ სახის გამოცდილებას საქართველო ახლა იძენს და ბევრი რამ შეიძლება საზოგადოებისათვის ძნელად აღსაქმელი იყოს. კონკურენციის საგენტოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ გაერკვია საქართველოს ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე მომხდარმა ცვლილებებმა, რამდენად პოზიტიურად იმოქმედა სასაქონლო ბაზრის ეკონომიკურ ეფექტიანობაზე და რა სიახლეებს ჰქონდა ამ მხრივ ადგილი. სამწუხაროდ, სასაქონლო ბაზარზე მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად საგრძნობლად გაუარესდა ეკონომიკური ეფექტიანობა და იმ სახის განსხვავებული საბაზრო ძალის არსებობა, რაც დამახასიათებელია ოლიგოპოლიური ბაზრის წევრებისათვის, ცალსახად არ არის პოზიტიურად ათვისებული, რაც უნდა იყოს კონკურენციის დაცვის პირობებში. შედეგად, სახეზეა ფასფაქტორებისა(დანახარჯები)და ფასწარმოქმნის ისეთი პრაქტიკა, როდესაც ადგილი აქვს ფასისა და ფასფაქტორების (დანახარჯების) ისეთ დაცილებას, რასაც შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს კონკურენციის დაცვის პირობებში.

კონკურენციის სააგენტოს მიერ საავტომობილო საწვავის სასაქონლო ბაზრის მოკვლევა დაემთხვა ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ფასების კლების პერიოდს, რომელიც არსებითად განპირობებული იყო ევროპის ნავთოპროდუქტების "პლატცის" ტრენდის ცვლილებით. საზოგადოებაში არსებობდა ეჭვი, რომ საქართველოს საავტომობილო საწვავის სასაქონლო ბაზარზე ადგილი არ ჰქონდა "პლატცის" ცვლილების შესაბამისად ფასისდაწესებას. საზოგადოება "პლატცის" ცვლილებას განიხილავს, როგორც სასაქონლო ბაზარზე საქონლის მიწოდების ფაქტორის ცვლილებას, რადგან საქართველო წარმოადგენს გადამუშავებული ნავთობპროდუქტების მხოლოდ მომხმარებელ ქვეყანას. სააგენტოსმოსაზრებით, ამ ასპექტით დაეჭვები სობიექტი საზოგადოების მხრიდან სწორად იყო განსაზღვრული.

მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, საქართველოს არც ერთ ტერიტორიულ ერთეულში (ცენტრალურ ავტომაგისტრალზე განსაკუთრებით), საავტომობილო საწვავის ფასები არ წარმოადგენს დანახარჯების საფუძველზე მიღებულ მარკეტინგულ გადაწყვეტილებას. თბილისი-სენაკი-ლესელიძისცენტრალურ მაგისტრალზე, თბილისი-სამტრედიის მონაკვეთის ნებისმიერ უბანზე, თავისუფალი ეკონომიკური არჩევანის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება (სამეწარმეო საქმიანობის ინტერესისა და გონივრულუბის საფუძველზე), დაარღვევდა დღეისათვის საავტომობილო საწვავის ბაზარზე არსებულ ფასის დაწესების პრაქტიკას. ეს უკანასკნელი მოწმობს იმას, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის მიზნობრივი ხასიათის დამოკიდებულების გარეშე, შეუძლებელია სასაქონლო ბაზარზე ასეთ პრაქტიკას ჰქონდეს ადგილი (მითუმეტეს იმ დროს, როდესაც სასაქონლო ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა კონკურენტუნარიანობის მქონე სუბიექტები).

მოკვლევის ჯგუფმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები საქონლის საბითუმო გაყიდვებს არსებითად აწარმოებენ სადისტრიბუციო კომპანიების მეშვეობით ისე, რომ მათ უფიქსირდებათ ძირითადად, მაღალი წილობრივი შესყიდვები პირველი დონის (იმპორტიორი) ეკონომიკური აგენტებისგან. ამასთან, შესყიდვებისა და გადაყიდვების საქმიანობა იმ სახით წარმოებს, რომ მეორე რიგის საბითუმო მიმწოდებლებს (შპს "ბინული"; შპს "L ოილი"; შპს "ი-თი-აი") უფიქსირდებათ უფრო მაღალი განაკვეთით საქონლის მიწოდება, ვიდრე პირველი რიგის საბითუმო მიმწოდებელს. აღნიშნული სახის საქმიანობას აქვს არაერთჯერადი ხასიათი და მას სააგენტო განიხილავს, როგორც სასაქონლო ბაზარზე შეთანხმებითი საქმიანობის ნაწილს, რომელიც დამატებით მოქნილობას მატებს მას, რადგან კონკურენციის სააგენტოს მიაჩნია, რომ იმ სახის სასაქონლო ურთიერთობა, რასაც ადგილი აქვს აღნიშნულ ეკონომიკურ აგენტებს შორის ურთიერთობას, არ შეიძლება ნებისმიერი ეკონომიკური მიმართულების აზროვნებისათვის ჩაითვალოს ბუნებრივ სამეწარმეო ქცევად.

საბოლოოდ, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ მ/წ 14 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ავტოსაწვავის (ბენზინი, დიზეელი) სასაქონლო ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტები - შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი", შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია", შპს "რომპეტროლ საქართველო", სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია", შპს "ლუკოილ-ჯორჯია",შპს ,,L ოილი", შპს ,,ითიაი" დაშპს ,,ბინული 1" დაჯარიმდნენ კონკურენციის კანონმდებლობის ფარგლებში განსაზღვრული შესაბამისი ოდენობის ფულადი სანქციით, რამაც ჯამურად შეადგინა - 54 698 329 ლარი, ხოლო შპს "არაონი 2010", შპს "პარტნიორი ბათუმი", შპს "ტრანს სერვისი 2010", შპს "ენ სერვისი", შპს "დიდუბე 2009", ი/მ სარდიონ ჯიჯეიშვილი, შპს "MG", შპს "აჭარა პარტნიორი", შპს "პარტნიორი 2010", შპს "პარტნიორი" , შპს "ჯი პლიუს" , შპს "თ4", შპს "რომ კომპანი", შპს "გიგო", შპს "ნორექსი", შპს "სტ ოილი", შპს "საბ პეტროლი", შპს "ლ&მ", შპს "ქსილისი", შპს "იბერკომპანი პეტროლიუმი", შპს "ჯეო-სერვისი" და შპს "ბრენდ ოილი" დაჯარიმდნენ - თითოეული 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

საბოლოოდ სააგენტო მიიჩნევს, რომ ბაზრის კვლევამ გამოკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების საჭიროება, როგორც ეკონომიკურ აგენტთა ქმედებებში, ასევე სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების კუთხით, რასთან დაკავშირებითაც შემუშავებულ იქნა შესაბამისი რეკომენდაციები", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს დასკვნის ანოტაციაში.