ესპანეთში, თურქულ გემზე დაკავებულ მეზღვაურებს შორის 6 ქართველი აღმოჩნდა

ესპანეთში, სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე, საიდანაც 2 ტონა ჰაშიში ამოიღეს, 6 ქართველი მეზღვაურიც აღმოჩნდა.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, ესპანელმა სამართალდამცავებმა 2015 წლის მაისში, სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავ გემზე ეკიპაჟის 8 წევრი დააკავეს, საიდანაც 6 საქართველოს მოქალაქეა, ერთი თურქეთის და ერთი სირიის. სპეცოპერაციის დროს 2 ტონა ჰაშიში აღმოაჩინეს.

ექვსივე ქართველი ესპანეთის ციხეში იმყოფება, თუმცა მათი დანაშაული ჯერჯერობით ვერ დაადგინეს. დაკავებულების ოჯახის წევრები დახმარებას ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ქართველმა მეზღვაურებმა გემზე ნარკოტიკული ნივთიერების არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.