საბერძნეთში ბანკები გაიხსნა

საბერძნეთში დღეს, სამკვირიანი შესვენების შემდეგ, ბანკები გაიხსნა. "ბიბისის" ცნობით, ბანკომატებიდან თანხის გატანაზე ლიმიტი კვლავ იმოქმედებს.

კერძოდ, კვირის განმავლობაში თითოეულ მოქალაქეს მაქსიმუმ 420 ევროს  გატანის შესაძლებლობა ექნება.

ბანკების ხელახლა გახსნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროზონის ლიდერებმა ათენისთვის 7 მილიარდი ევროს ოდენობის წინასწარი დახმარება გამოყვეს. მანამდე კი, საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ათენი 86 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ ტრანშს მიიღებს.

სანაცვლოდ საბერძნეთმა რიგი ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს. მათ შორის, გაიზრდება დამატებითი ღირებულების გადასახადი 13-დან 23 პროცენტამდე, ასევე მოიმატებს საპენსიო ასაკიც.