ვაკე-საბურთალოს გზაზე, შესაძლოა, ახალი ხიმინჯებიანი გზის მშენებლობა დაიწყოს

გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, თბილისის მერია და საქართველოს ხელისუფლება სპეციალისტებთან ერთად აქტიურად განიხილავს ვაკე-საბურთალოს გზაზე ე.წ. ხიმინჯებიანი გზის მშენებლობას.

როგორც გეოლოგები და არქიტექტორები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, სექტემბრიდან მერია გზის გახსნას აპირებს, თუმცა ისინი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია მომავალ გაზაფხულამდე უსაფრთხოების ნორმების შემუშავება, რათა 13 ივნისის მსგავსი ტრაგედია თავიდან იქნეს აცილებული.

მათი განმარტებით, ახლო მომავალში დაიდება გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული გზის რეაბილიტაცია და ახალი ხიმინჯებზე დამდგარი გზის მშენებლობა.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის ამ წინადადების განსახილველად. მისი თქმით, ახალი გზის მშენებლობისას წინა ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ამიტომაც კვლავ არსებობს იმის საფრთხე, რომ მსგავსი შემთხვევა განმეორდეს, თუ კი შესაბამისი ღონისძიებები გატარებული არ იქნება.

მისი განცხადებით, გზის გასაყვანად მიწებისა და კლდეების ჭრა მოხდა, ამ ფაქტმა კი შესაძლოა, მომავალში პრობლემები კვლავ შექმნას.

ქალაქის ხელისუფლება სპეციალისტებს რამდენჯერმე შეგვხვდა. უნდა ითქვას, რომ ეს იყო რეგულარული ხასიათის ურთიერთობა და დისკუსია, სადაც მათ ჩვენი მოსაზრებები და არგუმენტები მოისმინეს ახალი გზის რეაბილიტაციასა და შეცვლასთან დაკავშირებით.

პრინციპულად მთავარ საკითხებში შევთანხმდით. მთავარი სახის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დავიწყებ იქიდან, რომ ვინაიდან გზა ვერეს ხეობაში მნიშვნელოვანი მაგისტრალია ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში და მისი გაყინვა და უარის თქმა ყოვლად დაუშვებელია. ამიტომაც მისი აღდგენა გადაწყდა. მაგრამ მთავარი პრობლემა იმაშია, როგორი უნდა იყოს ეს გზა, რათა ჩვენ დაცულები ვიყოთ ყოველგვარი მსგავსი უბედურებისგან, რაც 13 ივნისს მოხდა.

ეს გზა ტრანსირების თვალსაზრისით არ არის სწორად აგებული, აქ მის ხარისხზე საუბარი არაა. შეცდომა იმაში დაუშვეს, რომ ეს გზა ჩქაროსნული არ უნდა ყოფილიყო, რაც სწორხაზოვან შეერთებას ნიშნავს. რამაც მთელი რიგი საინჟინრო ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა, რომელიც სრულებითაც არ იყო საჭირო. პირიქით, მდინარეს წინააღმდეგობა შეუქმნა.

აუცილებელი იყო არა გვირაბის გადაკვეთა გზის მიერ, არამედ მის თავზე უნდა გადაევლო, რათა მდინარის კალაპოტი გასწორებულიყო. ეს ყველამ იცის, რომ მთის მდინარე მოუდრეკავი არსებაა, მას წინააღმდეგობის გაწევა არ უყვარს, რადგან ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია.

ამის გამო ჩამოყალიბდა აზრი მერიის ხელისუფლებასთან ერთად, რომ გზა ახლებურად უნდა დაიგოს. მაგრამ რადგანაც მოდის სექტემბრის თვე და მოძრაობა ქალაქში ინტენსიური გახდება, ამიტომაც ეს გზა უნდა ამუშავდეს, რათა ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი არ შეიქმნას.

"ამჯერად ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ის მოშლილი მონაკვეთი დროებით აღვადგინოთ. შემდეგ კი დამუშავდეს ახალი პროექტი მთელი თბილისის მონაკვეთზე მდინარე ვერეს მიმართ როგორი ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ. მდინარე ვერეს ეგრეთ წოდებული აუზი, რომელიც მას კვებავს ნალექებისა და ბუნებრივი გამონაჟონების შედეგად, რა თქმა უნდა, პრობლემის გამომწვევია. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზეც დასკვნა სულ ახლახან გაჩნდა, საერთოდ თბილისის თბილი ჰაერი ზამთრის პერიოდში ხეობას ანესტიანებს და ეს ეროზიების გამომწვევი მიზეზი ხდება. ამიტომაც შეხვედრაზე მერიის ხელისუფლება სპეციალისტებთან ერთად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით დაიწყება ახალი გზის მშენებლობა ხიმინჯებზე, ანუ ესტაკადის სახით, რომელმაც თავიდან უნდა აიცდინოს გვირაბებში წყლის გატარება, რათა სამუდამოდ თავიდან აცილებული იქნეს ის ტრაგედია, რაც მოხდა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მერიამ ჩვენი რჩევები გაითვალისწინა და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამ გზის გაკეთების შემდეგ, წყალი როგორც სავარცხელში ისე იმოძრავებს. ახალი გზის გაკეთება მართალია რთული ქნება, როგორც მისი ქალაქში შემოსვლა ისე მტკვრისაკენ გასვლა, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან სკრუპულოზურად არის შესწავლილი. კონცეპტუალურად ყველაფერი უკვე დალაგებულია", - აცხადებს არქიტექტორი.

გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი "მთელ კვირასთან" საუბარში აცხადებს, რომ ახალი გზის მშენებლობაზე თბილისის მერიის ხელისუფლებასთან გარკვეული აზრთა შეთანხმება მოხდა. გეოლოგი ამბობს, რომ ხიმინჯებზე შემდგარი გზის აგება აუცილებელია, რადგანაც სხვანაირად მდინარე ვერეს შეჩერება შეუძლებელია. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ აუცილებელია დამცავი ღონისძიებების გატარება.

"მე მომხრე ვარ სექტემბრიდან მოხდეს ვაკე-საბურთალოს გზის გახსნა. ასევე მივესალმები იმ შეთანხმებას, რომელიც სპეციალისტებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის ხიმინჯებზე შემდგარი გზის მშენებლობის აუცილებლობის შესახებ მოხდა. თუმცა მიმაჩნია, რომ საჭიროა გარკვეული დამცავი ღონისძიებების გატარება. აუცილებელია დამატებითი წყალსადინარების მოწყობა და პირველ რიგში, რაც უმთავრესია, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს მდინარე ვერეს ხეობაში მოეწყოს ე.წ. ხელოვნური კონსტრუქციის ტიპის ცხაურები, რომელიც შეაკავებს ვერეს წყალნაკადის მოვარდნას. რადგანაც ერთიანი ხის მასალა მდინარის კალაპოტში კვლავ შესაძლებელია მოხვდეს, რომელსაც ეს კონსტრუქციები შეაჩერებენ. ასევე მომხრე ვარ, რომ დაბალზღურბლიანი კაშხლების რიგი მოეწყოს, რომელიც პერიოდულად გაიწმინდება. მაგალითად, ღვარცოფის გავლის შემდეგ რაც დარჩება მყარი მასალა, მისი გასუფთავება შევძლოთ. შემდგომ კი გამოცვლა მოხდეს, რომ კვლავ გამოსული ღვარცოფი მიიღოს. ეს საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მაგრამ ამას დრო დასჭირდება. ჩემი ინფორმაციით, არის რეკომენდაციები და გარკვეული თანხმობაც ხელისუფლების მხრიდან იმაზე, რომ მოხდეს ხიმინჯებზე შემდგარი გზის მშენებლობა. მე როგორც გეოლოგი, ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სათანადო დამცავ ღონისძიებებს ხეობაში გავატარებთ, ამ გზის მშენებლობას ვემხრობი.

ანდა შეიქმნას დამატებითი წყალსადინარი, რომ ქალაქის ზონაში მისი გატარება მოხდეს. არ დარჩენილა არცერთი ამ დარგის სპეციალისტი, რომ სამთავრობო კომისიას მათგან აზრი არ მოესმინა. ასე რომ, ვთვლი ისინი კომპეტენტურ სპეციალისტებთან ერთად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი.

ელზა პაპოშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"