ჭიათურის სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობისა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ჭიათურაში პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებს.
„სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმომადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს, მაქსიმალურად, უმტკივნეულო გადაწყვეტილებას.
კომისიის წევრების განცხადებით, პროცესში, გათვალისწინებული უნდა იყოს დასაქმებულთა შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ასევე - დამსაქმებელთა ინტერესები. სხდომაზე, აღინიშნა, რომ არასწორი მოლოდინების შექმნა დააზიანებს და კიდევ უფრო გაართულებს პროცესებს“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.