მოქალაქეები წყლის მრიცხველის საფასურს აღარ გადაიხდიან

მოქალაქეები სასმელი წყლის მრიცხველის 100 ლარიან საფასურს აღარ გადაიხდიან.

აღნიშნული წესი ვრცელდება 2015 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ცნობით, სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შესაბამისი ცვლილება "სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების" წესებში შევიდა. კერძოდ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, რომელთა სასმელი წყლის მილის დიამეტრი 15 მმ-ს არ აღემატება, აღრიცხვის კვანძი, მათ შორის მრიცხველი, უფასოდ დაუმონტაჟდებათ.

"საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მრიცხველი არის უფასო და მისი დამონტაჟება სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა. კომისია მუშაობს სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას განესაზღვრება თუ რა პერიოდში უნდა მოახდინოს მრიცხველის დამონტაჟება", - აცხადებს კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა.

უახლოეს პერიოდში მოქალაქეები წყალმომარაგების სექტორში სხვა სიახლეებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, კომისიამ შეიმუშავა კომერციული მომსახურების ხარისხის წესები, რომლის საფუძველზეც სასმელი წყლის მიწოდების არაგეგმიური წყვეტა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

წესებით გაკონტროლდება ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე. წყალგამანაწილებელ კომპანიებს დაუწესდებათ სხვადასხვა მომსახურების სტანდარტები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელთა სასარგებლოდ ფულადი კომპენსირების მექანიზმები ამოქმედდება. კომპენსაცია მომხმარებელს დაერიცხება სააბონენტო ბარათზე დეპოზიტის სახით.