X-ის ღირებულებამ Twitter-ის გაყიდვის ფასს მიაღწია

სოციალურ ქსელ X-ის ( ყოფილი Twitter-ის) ღირებულება 44 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის ღირებულებაა.

ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემის შეფასებით, ეს კომპანიის ბედის დრამატული შემობრუნებაა მას შემდეგ, რაც მისი მფლობელი, ილონ მასკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირე გახდა.

წყაროს ცნობით, ინვესტორებმა პლატფორმა 44 მლრდ დოლარად მარტის დასაწყისში, ე.წ. მეორადი გარიგების დროს შეაფასეს, რომლის ფარგლებშიც მათ კომპანიაში არსებული წილები გაცვალეს.

X, ასევე, ძირითადი დაფინანსების რაუნდის ფარგლებში ახალი კაპიტალის მიზიდვაზე მუშაობს. ახალი აქციების გაყიდვით, დაახლოებით, 2 მლრდ დოლარის მიზიდვა არის დაგეგმილი. შემოსავალი 1 მლრდ დოლარზე მეტი ვალის დასაფარად დაიხარჯება, რომელიც მასკმა 2022 წელს კომპანიის გამოსყიდვის დასაფინანსებლად თავის თავზე აიღო.

2024 წლის სექტემბრის დასაწყისში X მხოლოდ 10 მლრდ დოლარზე ნაკლებად იყო შეფასებული, მაშინ, როცა მასკმა Twitter 44 მლრდ დოლარად შეიძინა. სოციალური ქსელის შემოსავალი მასკის შეძენის შემდეგ შემცირდა, თუმცა 2024 წელს EBITDA-ს, ანუ გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის პროცენტების გამოქვითვამდე კორექტირებულმა შემოსავალმა, დაახლოებით, 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

გამოცემის წყაროების ცნობით, კომპანიის ხარჯის შემცირების შესახებ მასკის გეგმა კარგად მუშაობს და შემოსავალი იზრდება. თუმცა სხვა წყარო ამბობს, რომ EBITDA-ს მაჩვენებელი “ველურად კორექტირდება.”

მოამზადა ლადო სულაბერიძემ