იაპონიის იამანასის პრეფექტურამ პიკურ სეზონზე ფუჯის მთაზე ასვლის გადასახადი გააორმაგა, რომ ჭარბი ტურიზმი შეზღუდოს და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი მთის ბუნებრივი გარემო შეინარჩუნოს.
ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
კერძოდ, წლევანდელი ზაფხულიდან ტურისტები ოთხი ძირითადი მარშრუტიდან ერთის გავლით ფუჯის მთაზე ასასვლელად, დაახლოებით, 24,70 ევროს გადაიხდიან. საფასური მხოლოდ პიკურ სეზონზე იმოქმედებს, რომელიც ივლისიდან სექტემბრამდე გრძელდება.
იაპონიის ხელისუფლებამ მთაზე სისუფთავისა და მისი ეკოსისტემის შესანარჩუნებლად ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მარშრუტზე გადასახადი გასულ წელს შემოიღო. დაახლოებით, 12,35-ევროიანი გადასახადი Yoshida-ს მარშრუტზე დაწესდა, რომელიც ტოკიოსთან მოსახერხებელი კავშირის გამო პოპულარულია და სადაც მრავალი მთის ქოხია განლაგებული მოლაშქრეთა ღამის გასათევად ან მოსასვენებლად. გადასახადი ჭარბ ტურიზმთან საბრძოლველად ეფექტური აღმოჩნდა, რადგან ვიზიტორთა რაოდენობა 2023 წელს დაფიქსირებული 221,322 ადამიანიდან 2024 წელს 17,000-მდე შემცირდა.
2024 წელს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მთაზე ასვლის საფასურიდან მიღებული თანხა მარშრუტის გასწვრივ თავშესაფრების ასაშენებლად დაიხარჯება, რომლებიც შესაძლოა, ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში გახდეს საჭირო.
2014 წლიდან ფუჯის მთაზე ამსვლელი ტურისტები, გარემოს შენარჩუნების მხარდასაჭერად, დაახლოებით, 6,20 ევროს გადასახადს ნებაყოფლობით იხდიდნენ.
2024 წელს ქალაქ ფუჯი-კავაგუტიკოს ადმინისტრაციამ, ჭარბ ტურიზმთან ბრძოლისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვის ფარგლებში, ფუჯის მთის ლამაზი ხედის დასაფარად დიდი ღობე აღმართა, რომ მოზღვავებულ მნახველებს სხვა ადგილები მოეძებნათ. იაპონიაში აცხადებენ, რომ ეს მეთოდი, ასევე, ეფექტური აღმოჩნდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ