სექტემბერში ზოგიერთ მედიკამენტზე ფასები მნიშვნელოვნად დაიწევს

სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა მოხდება. 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე ფასების მნიშვნელოვანი დაწევა არანკლებ 50%-ით მოხდება.

"ასევე მომავალი წლისთვის უნდა შევძლოთ, რომ 1000-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე, მნიშვნელოვნად დავწიოთ ფასები. როგორ შევძლებთ ამას? ამისთვის ორი რამ არის საჭირო: თავიდან იყოს აცილებული ექიმების მიერ არასაჭირო, ბევრი წამლების გამოწერა. ეს არის ხარისხის კონტროლისა და პირველადი ჯანდაცვის ნაწილი და მეორე მიმართულებაა, კონკურენციის გაზრდა. ბაზარზე უნდა შემოვიდნენ ახალი მოთამაშეები. ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ამის შემაკავებელი ჯერჯერობით ერთადერთი ფაქტორია: ქვეყანას არ აქვს წამლის ხარისხის კონტროლის გამართული სისტემა და შესაბამისი ლაბორატორია. ვფიქრობ, შემოდგომისთვის ამის გაკეთებაც შესაძლებელი იქნება და ეს ორი ინსტრუმენტი ამ შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ქართულ ბაზარზე დაახლოებით 15 ათასი დასახელების მედიკამენტია რეგისტრირებული, მათგან სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტები 1000-ზე მეტია.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მედიკამენტებზე ფასების დარეგულირების მიზნით, ამ ეტაპზე ფარმაცევტული კომპანიებისთვის წამალზე მოგების ზედა ზღვარის დაწესებას არ განიხილავენ.