2 კვირის განმავლობაში მსურველებს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ

ორი კვირის განმავლობაში, მსურველებს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

დავით სერგეენკოს თქმით, 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. ამასთან დაკავშირებით 27 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში, მსურველებს მთელ საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.

მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ უფასო სკრინგის ორკვირეულში 8 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. სერგეენკომ მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებებს, ისინიც ჩაერთონ ამ პროგრამაში. დავით სერგეენკოს თქმით, ეს გამოკვლევები სამედიცინო დაწესებულებებისათვის დიდ ხარჯებს არ ითვალისწინებს. ამით სერიოზულ დახმარებას გაუწევენ სახელმწიფოს და ადამიანებს. სერგეენკო მიესალმება რაც უფრო მეტი სამდიცინო დაწესებულება ჩაერთვება აღნიშნულ ორკვირეულში.

დავით სერგეენკოს განცხადებით, დღეისთვის C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში 1 800 პაციენტია ჩართული. სექტემბრიდან მკურნალობა მოხდება ბევრად უფრო მაღალეფექტური პრეპარატით, "ჰარვონით".

მინისტრის განცხადებით, აგვისტოს შუა რიცხვებში ასევე დასრულდება კვლევა, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა რაოდენობის დაზუსტებას ისახავს მიზნად. მინისტრის თქმით, ასეთი კვლევა 2002 წელს ჩატარდა და ისიც მხოლოდ თბილისის მასშტაბით.

სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებაში 5 000 პაციენტის დიაგნოსტირება მოხდა. უკვე დარეგისტრირდა 7 000-ზე მეტი პაციენტი, საიდანაც C ჰეპატიტის საწინააღმდეგო უახლესი ანტივირუსული პრეპარატით "სოფოსბუვირით" უფასო მკურნალობა 1 800-მდე პაციენტმა დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, 30 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ღია ლაბორატორიები მოეწყობა, კერძოდ, ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ მდებარე სკვერში "ბაღის კიდე" და ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან. მსურველებს შეუძლიათ აღნიშნულ ღია ლაბორატორიებში კვლევისათვის დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მივიდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 28 ივლისს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხოლო 29 ივლისს, 11.00 საათიდან აღნიშნულ ცენტრში ჰეპატიტის აღმოფხვრის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დაიწყება.