ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის თანამდებობის პირები დაჯარიმდებიან

თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების სისწორეზე მონიტორინგი განხორციელდება.

ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს საჯარო სამსახურის ბიურო გასწევს, რასაც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. აღნიშნული ცვლილებების პროექტი თან ერთვის "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალ კანონპროექტს.

"შევსებულ დეკლარაციებთან დაკავშირებით შემოგვაქვს მონიტორინგი. გადავამოწმებთ შევსებულ დეკლარაციებს, მათში ასახული ინფორმაციის სისწორისა და სისრულის კუთხით. ამასთან დაკავშირებით შემუშავდება შესაბამისი ელექტრონული პროგრამა, რომელიც ამას სხვადასხვა ბაზებზე წვდომის მეშვეობით გადაამოწმებს და თუ აღმოჩნდება, რომ თანამდებობის პირმა სწორად დეკლარაცია ვერ შეავსო, მასში შეიყვანა არასრული მონაცემები, ან არ ასახა ის, რაც უნდა აესახა და ჰქონდა ვალდებულება, ის 1000 ლარით დაჯარიმდება ან დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, საქმე შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცემა", - განმარტავს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკა ქარდავა.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ცვლილებას 65 სხვადასხვა კანონში იწვევს, დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი საჯარო სამსახურის ბიუროა. ის პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.