ბამბუკი - საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პოტენციალი

ბამბუკის ავეჯი და ნაკეთობა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და დეკორატიულ ნაწარმად მიიჩნევა. აღნიშნული ბიზნესით ძირითადად აჭარაში მცირე მეწარმეები არიან დაკავებული.

თუმცა ფინანსების სიმცირის გამო, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ამ ბიზნესის გაფართოებას ვერ ახერხებენ.

ქობულეთელი ელგუჯა გოგმაჩაძე თითქმის უკვე ათი წელია ბამბუკის ბიზნესითაა დაკავებული. იგი ძირითადად ბამბუკის ექსპორტზე მუშაობს. მას უკრაინაში და ბელორუსში გააქვს ბამბუკი. 2008 წლის ომამდე კი ბამბუკი რუსეთშიც გაჰქონდა.

"მოგებით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა ეს ბიზნესი სტაბილური არაა. ამჯერად უკრაინაში პოლიტიკური სიტუაცია გვიშლის ხელს. თუმცა, სექტემბრისთვის განვაახლებ მუშაობას უკრაინასთან, ველოდები პასუხებს, ხელშეკრულება თითქმის მზად გვაქვს. ალბათ მას მალე გავაფორმებთ ერთ-ერთ უკრაინულ კომპანიასთან. ბელორუსს რაც შეეხება, იქ ტრანსპორტირება და განბაჟება შედარებით ძვირი ჯდება. ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვაპირებ ბამბუკის გატანას", - ამბობს bpn-თან ინტერვიუში ელგუჯა გოგმაჩაძე.

მისივე თქმით, იგი სხვადასხვა სახის ბამბუკის ექსპორტს აწარმოებს, მათ შორისაა როგორც დამუშავებული, ასევე დაუმუშავებელი ბამბუკი. ელგუჯა გოგმაჩაძე, ისევე როგორც ამ ბიზნესით დაკავებული სხვა მეწარმეები, ბამბუკს ადგილობრივი მოსახლეობისგან, ძირითადად ქობულეთელი, ოზურგეთელი, ზუგდიდელი, ხობელი და ხელვაჩაურელი ფერმერებისგან იბარებს.

"ადგილობრივ ბაზარზე ბამბუკზე მცირე მოთხოვნაა, ამიტომაც არ მიღირს აქაურებზე მუშაობა. ადგილობრივად ვისაც სჭირდება ბამბუკი რაიმეს საწარმოებლად, თავად გადიან ფერმერებთან კავშირზე. რაც შეეხება ფასს, ის ბამბუკის ხარისხზეა დამოკიდებული. წვრილი ბამბუკი 20-30 თეთრი ღირს, მსხვილი 4-5 ლარიც შეიძლება ღირდეს. იყო შემთხვევები 6 ლარიც გადაგვიხდია. ეს ბამბუკის დიამეტრზეა დამოკიდებული", - ამბობს ელგუჯა გოგმაჩაძე.

ბათუმელი თემურ ურუშაძეც ბამბუკის ბიზნესითაა დაკავებული. იგი კომპანია "ლუკაჩოს" მფლობელია და უკვე ათ წელზე მეტია ადგილობრივებისგან ყიდულობს ბამბუკს. თუმცა, ელგუჯა გოგმაჩაძისგან განსხვავებით, იგი ბამბუკის ავეჯის

დამზადებაზეც მუშაობს.

"ვაწარმოებთ ბამბუკის ავეჯს, ფანჩატურებს, სხვადასხვა ნივთებს, რომლებზეც

მოთხოვნა ნამდვილად არის. პროდუქცია თურქეთში გამაქვს. გამოხარშული, თერმულად დამუშავებული ბამბუკი და მისგან დამზადებული ნაკეთობები. წელს უკვე მეორედ გამაქვს საექსპორტო პროდუქცია. იქ ბამბუკის პლანტაციები არ აქვთ. რამდენიმე წლის წინ "დისნეი-ლენდის" მსგავსი პარკი გააკეთეს სტამბოლში, მაშინ ძალიან დიდი რაოდენობის ბამბუკის სკამები და ფანჩატურები ჩვენ დავუმზადეთ. ახლა ვმუშაობ, რომ ესპანეთშიც გავიტანო ჩვენი ნაწარმი", - ამბობს თემურ ურუშაძე bpn-თან საუბრისას.

ბამბუკი დასავლეთ საქართველოში მოჰყავთ. მას განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. ბამბუკის პლანტაციის სიცოცხლისუნარიანობის საშუალო ასაკი დაახლოებით 60 წელია. კარგი მოვლის შემთხვევაში კი მისი სიცოცხლისუნარიანობა შეუზღუდავია.

ბამბუკი საქართველოში 1895 წელს ჩინეთიდან შემოიტანეს. იგი ევროპის ბაზარზე ერთ-ერთი ძვირად ღირებული პროდუქტია. ბამბუკით ავეჯის გარდა, საკვები პროდუქტებიც მზადდება, მაგალითად მისი ყლორტისგან ჩინეთში მარინადს ამზადებენ. ასევე მზადდება ჟალუზები და პარკეტი, რომელთა ხარისხი და გამძლეობა განსაკუთრებით მაღალია. ბოლო პერიოდში ბამბუკისგან ძაფსაც ამზადებენ, მისი ქსოვილისგან კი ეკოლოგიურად სუფთა ტანსაცმელი მზადდება. თუმცა, საქართველოში შესაბამისი ტექნოლოგიები არ არსებობს. ფერმერებისა და მეწარმეების თქმით, საქართველოს ბამბუკის წარმოების დიდი პოტენციალი აქვს.

"ბამბუკი იმით არის საინტერესო, რომ მას შეუძლია ხის მასალ ჩაანაცვლოს. ბამბუკისგან ისეთი რაღაც შეიძლება მიიღო, რასაც ხისგან ვერ მიიღებ. მაგალითად, მისგან შესაძლებელია გამძლე პარკეტი დაამზადო. ჩვენ ვმუშაობდით ამაზე და დიდი იყო დაინტერესება. ასაწყობი სახლებიც კი გავაკეთეთ ბამბუკისგან. ეს ინოვაცია იყო. ჩინეთში კი მაგალითად, სადაც ბამბუკის წარმოება განვითარებულია, ყველა საწარმო ერთი და იგივე პროდუქციას აწარმოებს, მათ არ აქვთ ინოვაციური ნიუანსები", - ამბობს ფიზიკოსი სერგო ჯაყელი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ბამბუკის საწარმო ჰქონდა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის დროს იგი დააკავეს, რის შემდეგაც მისმა კომპანიამ მუშაობა შეწყვიტა.

ბამბუკი ძირითადად ჩინეთში, შრი-ლანკაში, იაპონიასა და სამხრეთ ამერიკაში მოდის. ევროპაში ბამბუკის პლანტაციები არაა. ამიტომაც ევროპის ბაზარზე ქართული ბამბუკის პოტენციალი დიდია. თუმცა, სერგო ჯაყელის თქმით, ადგილობრივ მეწარმეებს სამთავრობო პროგრამების ხელშეწყობა სჭირდებათ იმისათვის, რომ ბამბუკი და მისი ნაწარმი ევროპის ბაზარზე გავიდეს. ამ დროისთვის ქართველ ექსპორტიორებს ბამბუკი ძირითადად უკრაინაში, რუსეთში და თურქეთში გააქვთ, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს ბიზნესი განვითარდეს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წელს, საწნავად გამოსაყანებელი ბამბუკის ექსპორტმა 65,9 ათასი დოლარი შეადგინა. 2013 წელს ბამბუკის დასაჯდომი ავეჯის ექსპორტის შედეგად მიღებული თანხა კი მხოლოდ 2,9 ათასი დოლარი იყო.

თამთა ჯიჯავაძე