წლის დასაწყისიდან ევროპული აქციები, ამერიკულთან შედარებით, ზრდის უკეთეს დინამიკას აჩვენებენ, რაც 25 წლის განმავლობაში პირველად ხდება.
ინფორმაციას Deutsche Bank-ის მონაცემებზე დაყრდნობით Marketwatch ავრცელებს.
კერძოდ, ევროპული ინდექსი, Stoxx Europe 600-ი 3%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ამერიკული S&P 500-ი 2%-ით დაეცა.
ბოლოს ევროპულმა ბაზარმა აშშ-ს ანალოგიურად 2000 წელს გადაუსწრო, როცა შემოსავალში სხვაობამ 10%-ს გადააჭარბა.
ევროპული აქციების ეს წარმატება ინვესტორთა განწყობის ცვლილებას უკავშირდება. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და 2024 წლის ნოემბრამდე აშშ-სა და ევროპას შორის P/E-კოეფიციენტში სხვაობა 4,5 პუნქტით გაიზარდა. P/E, ანუ Price–earnings-ის კოეფიციენტი ფინანსური მაჩვენებელია, რომელიც ერთ აქციაზე მიღებულ წლიურ მოგებასთან აქციის საბაზრო ღირებულების თანაფარდობას ასახავს. თუმცა აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ ეს სხვაობა 2,7 პუნქტით შემცირდა, რაც აშშ-ში პოლიტიკური არასტაბილურობით, ტექნოლოგიური გიგანტების საფონდო ფასების დაცემითა და უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იმედით იყო გამოწვეული.
ამასთან, ამერიკულ ბაზარზე ვითარება განსხვავებულად ვითარდება. კერძოდ, ინსტიტუციური ინვესტორები აქციებს მასობრივად ყიდიან, მაშინ, როცა საცალო მოვაჭრეები მათ აქტიურად ყიდულობენ. VandaTrack-ის თანახმად, წელს საცალო ინვესტორებმა აშშ-ის აქციებსა და ETF-ებში (exchange-traded fund), ანუ საბირჟო საინვესტიციო ფონდებში 67 მლრდ დოლარი ჩადეს. Bank of America-მ მიმდინარე წლის მარტში მსხვილი მოთამაშეების წილის რეკორდული ვარდნა დააფიქსირა.
არასტაბილურობის მიუხედავად, კერძო ინვესტორებს ბაზრის ისევ სჯერათ, თუმცა ტრამპის სატარიფო პოლიტიკა გაურკვევლობის ძირითად ფაქტორად რჩება. პრეზიდენტი, სავარაუდოდ, 2 აპრილს ახალ ტარიფებს გამოაცხადებს, რამაც შესაძლოა, ბაზარზე გავლენა მოახდინოს. კერძოდ, ამერიკულ ინდექს S&P 500-ის ბოლო 1.8%-იანი ზრდა სატარიფო პოლიტიკის შემსუბუქებისკენ გადახედვის იმედებმა განაპირობა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ