საბერძნეთმა სავალუტო ფონდს 2 მილიარდი ევრო დაუბრუნა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთის მიერ 2,05 მილიარდი ოდენობის ვადაგადაცილებული ტრანშის დაფარვის ფაქტს ადასტურებს.

ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.

"შემიძლია დავადასტურო, რომ საბერძნეთმა მთლიანად დაფარა არსებული დავალიანება, რომელიც მსოფლიო სავალუტო ფონდისადმი გააჩნდა 2 მილიარდი ევროს ოდენობით. თუმცა, ამიერიდან, საბერძნეთმა აღარ უნდა დააგვიანოს გადასახადების გადახდა", - განაცხადა ფონდის დირექტორმა ჯერი რაისმა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდი მზად არის განაახლოს საბერძნეთთან თანამშრომლობა ქვეყანაში ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ 20 ივლისს საბერძნეთს ასევე უკანასკნელი ვადა ჰქონდა, რათა ევროპის ცენტრალური ბანკის წინაშე არსებული დავალიანება, 4,2 მილიარდი ევრო გადაეხადა.

საბერძნეთის ხელისუფლებამ 7 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი მიიღო, რომელიც სწორედ ამ ორი ორგანიზაციის დავალიანების გადახდას უნდა მოხმარდეს.