ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ეროვნულ გალერეაში გამოიფინა

21 ივლისიდან, მთელი კვირის განმავლობაში, ეროვნულ გალერეაში შესვლა თავისუფალი იქნება და ფიროსმანის ნახატის "არსენალის მთა ღამით" ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება. 

ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი ნამუშევარი "არსენალის მთა ღამით", რომელიც მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა Christy’s-ის აუქციონზე შეიძინა, მფლობელის გადაწყვეტილებით, საჩუქრად საქართველოს გადაეცა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, შედევრი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ფერწერის ფონდში ჩაირიცხა, რომელშიც ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თავდაპირველად "არსენალის მთა ღამით" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის სხვა ნამუშევრების გვერდით გამოიფინება.

სამინისტროს ცნობით, ეს სურათი თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს, ამავე საექსპოზიციო სივრცეში ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 96 წლის შემდეგ ის კვლავ ქვეყანას დაუბრუნდა.