ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74-ე სესია დღეს დაიხურება

დღეს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის 74-ე სესია დაიხურება. „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი–საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ თანა–სპონსორობით 4 ოქტომბერს დაიწყო.

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" ინფორმაციით, ღონისძიება, რომელშიც 36 წევრი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, ევროპარლამენტის მუშაობის სიმულაციას წარმოადგენს. სესიაზე შეიქმნა კომიტეტები, სადაც განიხილებოდა ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა, სამოქალაქო უფლებები და სხვა.

როგორც „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგში“ განმარტავენ კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა თაობებში ბიზნეს ეთიკის პრინციპების დანერგვა და მზარდი თაობის სწორ ფასეულობებზე ორიენტირებაა, რის გამოც კომპანიამ გადაწყვიტა , ამ მაშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ადგილობრივი თანა–სპონსორი გამხდარიყო.

”აღნიშნული ღონისძიება ახალგაზრდებს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა, ევროპის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ და იმსჯელონ აქტუალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტის გზებზე, გაიცნონ და გაიზიარონ ევროპული ღირებულებები”, - განმარტავენ ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგში”.

„ალიანს ჯგუფ ჰოლდინგთან“ ერთად, ღონისძიების სპოსნორები არიან ევროკავშირი, გაეროს მოსახლეობის ფონდი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი მთავრობა.